როგორ გავზარდოთ მენტალურად ძლიერი შვილები

როგორ გავზარდოთ მენტალურად ძლიერი შვილები

მენტალურად ძლიერ ბავშვებს მეტი მზაობა აქვთ ცხოვრებისეულ გამოწვევებთან შესახვედრად, იცნობენ საკუთარ შესაძლებლობებს, იციან სირთულეების გადალახვის ჯანსაღი გზები და მათ საკუთარ შინაგან რესურსებთან წვდომის და მათი რეალიზაციის უნარი აქვთ.

ხშირად, მენტალური სიძლიერე სიმკაცრესა და თავშეკავებულობაში გვეშლება. სინამდვილეში, ფსიქო-ემოციურად ძლიერ ადამიანებს რამდენიმე ძირითადი მახასიათებელი აქვთ:

თავდაჯერებულობა - თვითრწმენა არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თვისება, რისი დახმარებითაც წარმატებას ვაღწევთ. მენტალურად ძლიერი ადამიანები საკუთარ თავს იცნობენ და საკუთარი შესაძლებლობების სწამთ.

თვითდისციპლინა - დისციპლინა ნებისყოფას და წესრიგს გულისხმობს, საკუთარი დროის, რესურსისა და მოთხოვნილებების განკარგვა კი, უმნიშვნელოვანესია ნებისმიერ მიზნისკენ მიმავალ გზაზე.

კრიზისი შესაძლებლობაა - მენტალურად ძლიერი ადამიანისთვის ცხოვრებისეული სირთულეები და დაბრკოლებები ერთგვარი გამოწვევაა, რომელიც რაღაც ახალს გვასწავლის და რომლის გადალახვის შემდეგაც, განვითარების ახალ საფეხურზე გადავდივართ. 

გიზიარებთ რეკომენდაციებს მშობლებს და აღმზრდელებს, იმისათვის, რომ შვილებს ამ და სხვა მნიშვნელოვანი და სასარგებლო თვისებების გამომუშავებაში დავეხმაროთ:

ვასწავლოთ არჩევანის გაკეთება - არჩევანის გაკეთება მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ჩვენ მიერ სწორად თუ არასწორად გაკეთებული არჩევანი გვეხმარება ჩვენი შესაძლებლობების, მოთხოვნილებებისა და ღირებულებების გაცნობიერებაში. ბავშვებს სულ პატარა ასაკიდან შეგვიძლია მივცეთ არჩევანის გაკეთების საშუალება: კაბის ჩაცმა ურჩევნია თუ შარვლის? სტაფილოს მიირთმევს თუ ვაშლს? თავისუფალ დროს მეგობართან მივა სტუმრად თუ კინოში წასვლა ურჩევნია?

მივცეთ ბავშვებს შეცდომების დაშვების უფლება - შეცდომებს ყველა ვუშვებთ და ეს ნორმალურია. მნიშვნელოვანია, რომ მათაც ჰქონდეთ შეცდომების დაშვების და თავიდან დაწყების შესაძლებლობა. ჩვენი, როგორც მშობლების დანიშნულება არ არის მათთვის სირთულეების არიდება და მათ ნაცვლად პრობლემების მოგვარება, ამ პროცესში ყველაზე მნიშვნელოვანი, რისი გაკეთებაც შეგვიძლია, საკუთარი შეცდომების აღიარება, მათთვის გაზიარება და მობოდიშება, რთულ დროს მათ გვერდით ყოფნა და მათი პრობლემიდან გამოსავლის ძიებაში თანამონაწილეობაა.

ვეცადოთ ვასწავლოთ რეალისტურად აზროვნება - ბავშვობის ასაკისთვის დამახასიათებელია პოლარიზებული (შავ-თეთრი) აზროვნება და გენერალიზება: ბაღში თანატოლმა აწყენინა - „ბაღი ცუდია“; მათემატიკის ამოცანა ვერ ამოხსნა - „მათემატიკას ვერასოდეს ვისწავლი“... ვასწავლოთ ბავშვებს, რომ ჩვენი ფიქრები ყოველთვის სიმართლეს არ გვეუბნებიან, დავანახოთ სხვა პერსპეტივებიც, რომელსაც ფრუსტრაციის დროს ბავშვი ვერ ხედავს და გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება, როდესაც მსგავს მდგომარეობაში ვიყავით, მაგრამ გადავლახეთ, გავუმკლავდით და რაღაც ახალიც ვისწავლეთ.

დავეხმაროთ ემოციური კომპეტენციის გამომუშავებაში - ყველა ემოცია ბუნებრივია, უბრალოდ არსებობს დადებითი და რთული ემოციები. მნიშვენლოვანია, რომ ყველა ემოციას ჰქონდეს არსებობის და გამოხატვის საშუალება. პირველი, რითაც შეგვიძლია ბავშვებს ემოციური კომპეტენციის გამომუშავებაში დავეხმაროთ, მათთვის ემოციების ამოცნობის სწავლებაა: „ნაწყენი ხარ მეგობარმა სათამაშო რომ არ გათხოვა?“ მეორე - ყურადღებით მოვუსმინოთ და მივცეთ დრო, სივრცე და შესაძლებლობა, რომ იგრძნონ ის ემოცია, რომელსაც გრძნობენ. და მესამე - ერთად მოვიფიქროთ რისი გაკეთება შეგვიძლია მისათვის, რომ თავი უკეთესად იგრძნონ.

დავეხმაროთ ცვლილებების და სიახლეების მიღებაში - მენტალური სიძლიერის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელი ფსიქიკური მოქნილობაა. ცხოვრებაში ბევრი მოულოდნელი ცვლილება ხდება ხოლმე, რაზეც ჩვენ კონტროლი და გავლენა არ გაგვაჩნია. საინტერესოა, ჩვენ თავად როგორ ვრეაგირებთ და ვიღებთ სიახლეებს, რომლებიც ჩვენთვისაც არ არის მარტივი.. ასეთ დროს ბავშვები დაბნეულები არიან ხოლმე, ამიტომ მიმდინარე მოვლენებზე საუბარი მნიშვნელოვანია: „ჩემთვისაც მოულოდნელი იყო ეს ამბავი“, „მამა და მე ბევრს ვფიქრობთ, რომ გამოსავალი ვიპოვნოთ“, „შეიძლება ძველი სკოლა მოგენატროს, მეც ასე ვიქნებოდი, მაგრამ ახალი კლასი ახალ მეგობრებსაც ნიშნავს, საინტერესო მასწავლებლებს გაიცნობ, ლამაზ ადგილებს ნახავ ექსკურსიაზე წასვლისას“...  

იმისათვის, რომ ბავშვებთან ჯანსაღი ურთიერთობა შევძლოთ და მათი მომავლისთვის საჭირო უნარების გამომუშავებაში დავეხმაროთ, მნიშვნელოვანია რომ ჩვენ - მშობლები და აღმზრდელები ვიყოთ როგორც მენტალურად, ასევე ემოციურად და ფიზიკურად გაწონასწორებულ მდგომარეობაში, ამიტომ პირველ რიგში ჩვენს კეთილდღეობაზე ვიზრუნოთ, რომ შემდეგ სხვების, განსაკუთრებით კი ჩვენი შვილების ძლიერ მომავალზე შევძლოთ ზრუნვა.

გამოქვეყნების თარიღი: 23 აპრილი, 2024წ
ავტორი

Bloomin.ge

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები