სეზონური ცვლილებების გავლენა მენტალურ ჯანმრთელობაზე

სეზონური ცვლილებების გავლენა მენტალურ ჯანმრთელობაზე

სეზონური ცვლილებები ხშირად ჩვენს განწყობაზე, მოტივაციასა და ენერგიის დონეზე ახდენს გავლენას. ისეთი გარემო ფაქტორები, როგორებიცაა: დღის ხანგრძლივობა, მზის ნათების ინტენსიურობა და ამინდი, როგორც წესი, ჩვენს კვების რაციონს, რუტინას და საცხოვრებელ გარემოსაც კი განსაზღვრავს. შესაბამისად, სეზონური ცვლილებების ზემოქმედება ჩვენს მენტალურ მდგომარეობაზე საკმაოდ ნორმალური და ბუნებრივია.

სეზონურ ცვლილებებზე ადამიანის რეაქციას ფსიქოლოგიაში სპეციალური ტერმინიც კი აქვს და მას სეზონურ აფექტურ აშლილობას (Seasonal Affective Disorder – SAD) უწოდებენ. თუმცა, ცვლილებებით გამოწვეული რეაქციები ინდივიდუალურია – ზოგი ნაკლებად ამჩნევს სიმპტომებს, ზოგი კი უფრო მკვეთრად განიცდის და გამოხატავს მათ.

როგორც წესი, სეზონური აფექტური აშლილობა თავს იჩენს გვიან შემოდგომით და მთელი ზამთარი გრძელდება. თუმცა, არსებობს როგორც შემოდგომასთან და ზამთართან, ისე – გაზაფხულთან და ზაფხულთან დაკავშირებული აშლილობებიც.

შემოდგომისა და ზამთრის სეზონური დეპრესია, ძირითადად, შემდეგი სიმპტომებით ხასიათდება:

* მელანქოლიური განწყობა თითქმის ყოველდღიურად;

* ნაკლები ინტერესი ერთ დროს სასიამოვნო აქტივობების მიმართ;

* სიზარმაცე და ენერგიის დეფიციტი;

* ძილის რეჟიმის არევა;

* მადასთან და წონასთან დაკავშირებული შესამჩნევი ცვლილებები;

* კონცენტრაციის უნარის დაქვეითება და სხვა.

 

გაზაფხულთან და ზაფხულთან დაკავშირებული გავრცელებული სიმპტომებია:

* ჩაძინებასთან დაკავშირებული პრობლემები;

* მადის დაქვეითება და წონის შესამჩნევად კლება;

* ღელვა და აღგზნებადობა.

სეზონის ცვლილებით გამოწვეული პრობლემები ადამიანის მენტალურ ჯანმრთელობაში ბუნებრივი მოვლენაა. დღის ხანგრძლივობასთან ერთად, იცვლება ჩვენი ბიოლოგიური საათი, დღის რუტინა და ძილის რეჟიმი. ზამთარში ამას თან ახლავს სეროტონინის („ბედნიერების ჰორმონად“ წოდებული ქიმიური ნივთიერება, რომელიც გავლენას ახდენს განწყობაზე) დონის კლებაც, რაც, როგორც წესი, მზის ნათების დაქვეითებითაა გამოწვეული. განათების ცვლილების გამო, შესაძლოა, ცვლილება ეხებოდეს მელატონინის დონესაც, რომელიც პასუხს აგებს ჩვენი ძილის ხარისხზე.

თუმცა, არსებობს რამდენიმე გზა, რომელიც სეზონური ცვლილებებით გამოწვეული სიმპტომების შემსუბუქებაში დაგეხმარებათ:

ყურადღება მიაქციეთ ძილის რეჟიმს – შემცირებული ან გაზრდილი დღე ხშირად ძილის ხანგრძლივობის გაზრდის ან შემცირებისკენ გვიბიძგებს. თუმცა, რეალურად, მზის ნათების ინტენსივობა ან ადრე დაბნელება ძილის აუცილებელ ხანგრძლივობას არ ცვლის. ზრდასრული ადამიანისთვის ძილის ნორმალური ხანგრძლივობა 7-8 საათით განისაზღვრება, როგორც ზამთარში, ისე – ზაფხულში.

გამონახეთ დრო სეირნობისთვის – დილით სეირნობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შემოდგომისა და ზამთრის პერიოდში, როდესაც სამუშაო დღის დასრულების შემდეგ, მზის სხივების ნახვის საშუალება აღარ გვაქვს. დილით 20-30 წუთის განმავლობაში ფეხით სიარული დაგვეხმარება დავიცვათ ორგანიზმი D ვიტამინის მკვეთრი დაქვეითებისგან, რომელიც პასუხს აგებს ორგანიზმის იმუნურ სისტემასა და გამართულ ფუნქციონირებაზე.

დაუთმეთ დრო ხარისხიან დასვენებას – ხშირად გვავიწყდება, რომ დამღლელი სამუშაო დღეების შემდეგ ხარისხიან დასვენებას ვიმსახურებთ და გვგონია, რომ დასვენების თხოვნა/მოთხოვნა ჩვენი სისუსტის გამოხატულება იქნება. თუმცა, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ძალების აღდგენისთვის რამდენიმედღიანი ხარისხიანი დასვენება დამსახურებულიც იქნება და ეფექტიანიც ჩვენი მომავალი საქმიანობისთვის. კარგი იქნება, თუ შვებულებას ზაფხულის გარდა, ზამთარშიც გამოიყენებთ. გახსოვდეთ, რომ ეფექტური დასვენებისთვის,  სამსახურთან დაკავშირებული საქმეები დროებით უნდა დაივიწყოთ.

ყურადღება მიაქციეთ კვების რაციონს – შეეცადეთ, შეამციროთ ულტრა რაფინირებული, არაჯანსაღი ცხიმებისგან შემდგარი საკვების მიღება და  ჩაანაცვლოთ ნაკლები შაქრის, კოფეინისა და ნაკლები ალკოჰოლის შემცველი პროდუქტებით. ეს ორგანიზმის იმუნიტეტს სეზონური ცვლილებებისთვის მოამზადებს.

გაუზიარეთ თქვენი განწყობა ახლობლებს – ნებისმიერი პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში, ადამიანს მნიშვნელოვნად ეხმარება იმის განცდა, რომ ამ პრობლემის წინაშე მარტო არ არის. სცადეთ, გაუზიაროთ თქვენი განცდები ახლობლებს, ვისთან ურთიერთობაც სიამოვნებას განიჭებთ. სეზონური ცვლილებებით გამოწვეული პრობლემები თითქმის ყველა გარშემომყოფს აწუხებს. შეიძლება, ახლობლების მიგნებები გუნება-განწყობის ამაღლებისთვის თქვენც გამოგადგეთ.

სეზონური ცვლილებების გავლენა ჩვენს მდგომარეობაზე ბუნებრივი და ნორმალურია. თუმცა, გახსოვდეთ, რომ ჯანსაღი რუტინის, ცხოვრების წესის და კვების რაციონის შენარჩუნება ნებისმიერ სეზონზეა შესაძლებელი. კონცენტრირდით იმაზე, თუ რა შეიძლება მოგწონდეთ კონკრეტულ სეზონში – ნებისმიერ სეზონს ხომ თავისი მიმზიდველობა გააჩნია. რაც არ უნდა ძალიან გაწუხებდეთ წვიმა, გაზაფხულის სასიამოვნო სურნელით ტკბობას ყოველთვის შეძლებთ; როგორც არ უნდა ერიდებოდეთ მცხუნვარე მზეს, ზაფხულმა ნაკლებად დატვირთული სამუშაო დღის განრიგითა და სასიამოვნო საღამოებით შეიძლება მოგხიბლოთ; ქარიანმა შემოდგომამ – პროფესიული სიახლეებით გაგაოცოთ; სუსხიანმა ზამთარმა კი – ლამაზად დათოვლილი მთებითა და ახალი წლის იმედიანი მოლოდინით გასიამოვნოთ.

გამოქვეყნების თარიღი: 26 ოქტომბერი, 2021წ
ავტორი

Bloomin.ge

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები