იოგური კვების პრინციპები

სხეულის სიფხიზლე, და არა ლეთარგიულობა, მისი პოტენციალის სრული რეალიზებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ასევე აუცილებელია იოგას და მედიტაციის სრულფასოვანი პრაქტიკისთვის.
სწორედ ამისთვის, იოგები კვების გარკვეულ სტილს მიჰყვებიან. გაგიზიარებთ კვების რამდენიმე პრინციპს, რომელსაც ინდოეთში, იოგას ერთ-ერთ წამყვან ცენტრში ცხოვრების დროს ვიცავდით. 

 

დილის დაწყება კურკუმას და ნიმის ბურთულებით - კურკუმა და ნიმი ორივე უნიკალური გამწმენდი და გამაჯანსაღებელი თვისებების მქონე პროდუქტებია. კურკუმას ძლიერი ანტიოქსიდაციური და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება ახასიათებს. ის სასარგებლოა ტვინის ჯანმრთელობისთვის და სიმსივნის პრევენციისთვის. 
ნიმს კი - ანტიბაქტერიული და სოკოს საწინააღმდეგო მოქმედება ახასიათებს. ის აუმჯობესებს იმუნური სისტემის მოქმედებს. ყოველ დილით კურკუმას და ნიმის ბურთულების მიღება წმენდს საკვების მომნელებელ სისტემას მავნე მიკრო-ორგანიზმებისგან.
როგორ მოვამზადოთ კურკუმას და ნიმის ბურთულები:
კურკუმას ბურთულა - 1.5 სუფრის კოვზ კურკუმას დაასხით 1 სუფრის კოვზი ნელთბილი წყალი და გააკეთეთ პატარა ცომის გუნდას მსგავსი ბურთულები. 
ნიმის ბურთულა - 1 სუფრის კოვზ ნიმის ფხვნილს დაასხით  ¾ სუფრის კოვზი ნელთბილი წყალი და გააკეთეთ პატარა ბურთულები. 
ზემოთ მოყვანილი პროპორციით გაკეთების შემთხვევაში, დაახლოებით 4-4 ბურთულა გამოგივათ. ყოველ დილით, უზმოზე მიირთვით თითო-თითო ბურთულა.

 

საკვები ვეგეტარიანულია, დაახლოებით 95%  ვეგანური - ძირითადი არავეგეტარიანული პროდუქტი, რომელიც რაციონში გვხვდება არის ერბო, რომელსაც ძალიან ბევრი სასარგებლო თვისება გააჩნია. დანარჩენი კი თითქმის სულ ვეგანური საკვებია. საუზმეც და სადილიც ძალიან მრავალფეროვანი კერძებისგან შედგება. საკვები იმდენად გემრიელი და მრავალფეროვანია, რომ არსებობს ცდუნება, ზომაზე მეტიც მიირთვა. თუმცა, სწორად მომზადებული ვეგანური საკვების უპირატესობა ის არის, რომ ის ბევრად მარტივად მოსანელებელია და კვების შემდეგ, არასდროს გაქვთ სიმძიმის უსიამოვნო შეგრძნება.
არსებობს არაერთი მიზეზი, რის გამოც იოგები ხორცს არ მიირთმევენ, თუმცა ამ ბლოგში განვიხილავთ ეგეტარიანული კვების გავლენას ენერგიის დონეზე ჩვენს სხეულში. მარტივად რომ ავხსნათ, ვეგეტარიანული საკვები ბევრად მარტივი მოსანელებელია ვიდრე ხორცი, მონელებაზე ნაკლები ენერგია იხარჯება - შედეგად კი ბევრად ენერგიულად იგრძნობთ თავს. 

 

საკვები მზადდება ხახვის და ნივრის გარეშე - მიუხედავად იმისა, რომ ნიორს და ხახვს ძალიან ბევრი დადებითი მახასიათებლები გააჩნიათ, ისინი ძლიერ ნერვულ სტიმულატორებს წარმოადგენენ. მაგალითისთვის, ხახვი მდიდარია ამინომჟავა ლ-ტრიფტოფანით, რომელიც ბუნებრივ დამამშვიდებელ საშუალებას წარმოადგენს. შეიძლება შეგინიშნავთ კიდევაც, რომ თუ ისეთ საკვებს მიირთმევთ, რომელიც ბევრ ნიორს ან ხახვს შეიცავს, მეტად ლეთარგიული ხდებით და, თითქოს, მთელი დღის მანძილზე გეძინებათ. სწორედ ამიტომ, იოგურ კულტურაში ნივრის და ხახვის მხოლოდ სამკურნალო დანიშნულებით გამოყენებას მიესალმებიან და არა, როგორც საკვები ინგრედიენტის. ნიორი ნეგატიური პრანის საკვების კატეგორიაში შედის. ამ კატეგორიაში შემავალი საკვები ენერგიის მატების ნაცვლად, გართმევთ მას.

 

ინტერვალი საუზმეს და ვახშამს შორის - იოგა ცენტრში საუზმე 10 სთ-ზეა, ვახშამი კი 7-ზე. შუალედში, სურვილის შემთხვევაში ერთხელ შეიძლება მხოლოდ ხილის ან სმუზის ტიპის სასმელის მიღება, თუმცა უმჯობესია თავის შეკავება. ანუ სრულფასოვან კვებებს შორის შუალედი 9 სთ გამოდის. ზოგადად თვლიან, რომ კვებებს შორის საჭიროა მინიმუმ 8 საათიანი ინტერვალის დაცვა, ყველანაირი წახემსების გარეშე. ამის მიზეზი კი ის არის, რომ როდესაც დანაყრებული არ ხართ, სხეული და გონება უკეთ ფუნქციონირებს. ხშირ-ხშირი კვება და სმუსნაობა საკვების მომნელებელი სისტემის უწყვეტ რეჟიმში მუშაობას იწვევს, რაზეც ორგანიზმი დიდ ენერგიას ხარჯავს.  

 

ყოველთვის ახლად მომზადებული საკვები - იოგური კვების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი ყოველთვის ახლად მომზადებული საკვების მიღებაა. თუ საკვების მომზადებიდან 1.5 სთ-ზე მეტია გასული, ის უკვე ლეთარგიული ხდება თქვენი ორგანიზმისთვის. 

თუ ზემოთ ჩამოთვლილ პრინციპებს კვირაში რამდენიმე დღის მანძილზე მაინც დაიცავთ, თავს ბევრად ენერგიულად და ახალგაზრდად იგრძნობთ. ეს ყველაფერი არამხოლოდ ენერგიაზე, არამედ თქვენს ფიზიკურ ჯანმრთელობაზეც აუცილებლად აისახება. 
 

გამოქვეყნების თარიღი: 11 სექტემბერი, 2023წ

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები