მარწყვი - ბევრად მეტი, ვიდრე უბრალოდ გემრიელი

მარწყვი - ბევრად მეტი, ვიდრე უბრალოდ გემრიელი

გაზაფხულის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კენკრა მარწყვია. ვის არ უყვარს ეს წვნიანი, ტკბილი, ხასხასა წითელი ფერის და ეგზოტიკური გემოს მქონე ხილი? უბრალოდ მარწყვი, მარწყვის ნაყინი, რძის კოქტეილი, სმუზი, სალათი თუ ტორტი... ის ყველა ფორმით უგემრიელესია!

მართალია მარწყვი კენკროვან ხილად მიიჩნევა, თუმცა კენკროვანი ხილისგან განსხვავებით, მისი თესლი არა შიგნით, არამედ ნაყოფის ზედაპირზეა განლაგებული. ტექნიკურად ის ვარდისებრთა ოჯახის მრავალწლიან მცენარეს წარმოადგენს.

მარწყვი ვიტამინებით და ანტიოქსიდანტებით მდიდარი, დაბალკალორიული ხილია. მისი შემადგენლობის დაახლოებით 91% წყალია. მარწყვი განსაკუთრებით გამოირჩევა მცენარეული ნაერთების - პოლიფენოლების სიმდიდრით. მათ შორისაა ანტოციანინებიც. სწორედ ისინი განაპირობებენ მარწყვის ხასხასა წითელ შეფერილობას. მარწყვი 25-ზე მეტი დასახელების ანტოციანინს შეიცავს. ამ ნივთიერებით მდიდარი საკვები განსაკუთრებით სასარგებლოა გულის ჯანმრთელობისთვის.

მარწყვში შემავალი ანტიოქსიდანტები და მცენარეული ნაერთები სასარგებლოა არა მხოლოდ  გულის ჯანმრთელობისთვის, არამედ - სისხლში შაქრის შემცველობის კონტროლისთვისაც. მიუხედავად იმისა, რომ მარწყვი საკმაოდ ტკბილია, მისი მიღება დაშვებულია დიაბეტის მქონე ადამიანებისთვისაც, რადგან მას დაბალი გლიკემიური ინდექსი აქვს (41).
100 გ მარწყვი შეიცავს: კალორია: 32, ცილა: 0.7გ, ნახშირწყლები: 7,7 გ, შაქარი: 4,9 გ, უჯრედისი 2გ,  ცხიმი: 0.3გ.
მარწყვი განსაკუთრებით მდიდარია C ვიტამინით, კალიუმით, ფოლიუმით და მანგანუმით. 5-7 ცალ მარწყვში დაახლოებით იმდენივე C ვიტამიანია, რამდენიც 1 საშუალო ზომის ფორთოხალში!

ასევე აღსანიშნავია, რომ კვლევების თანახმად, ანთებისსაწინააღმდეგო მახასიათებლების გამო, მარწყვის რეგულარულ მიღებას, ოსტეოართრიტის, მუხლის ტკივილისა და შეშუპების შემცირება და მყესების დაზიანების პრევენცია შეუძლია. C ვიტამინის და მაგნიუმის მაღალი შემცველობის გამო, ის ათლეტების ერთ-ერთ საყვარელ პროდუქტს წარმოადგენს, ვინაიდან ეს ნივთიერებები მნიშვნელოვანია კუნთის ნორმალური ფუნქციონირებისა და სწრაფი აღდგენისთვის. 

მარწყვი დიდი ხნის მანძილზე მიიჩნეოდა გავრცელებულ კვებით ალერგენად, თუმცა თანამედროვე რეკომენდაციების მიხედვით, ეს გემრიელი და სასარგებლო ხილი შეგიძლიათ ბავშვებს მაშინვე გააცნოთ, როგორც კი მყარ კვებას დაიწყებენ - ანუ დაახლოებით 6 თვის ასაკიდან. 

საინტერესო ფაქტები მარწყვის შესახებ
•    არსებობს ყვითელი, ოქროსფერი, ვარდისფერი, თეთრი და ლურჯი ფერის მარწყვიც კი!
•    თავდაპირველად, ძველი რომაელები მარწყვს დეკორატიული მიზნებისთვის იყენებდნენ. 
•    მოგვიანებით, ძველ რომში მიიჩნევდნენ რომ მარწყვს სამკურნალო თვისებები გააჩნია და მას თითქმის ყველა დაავადების სამკურნალოდ იყენებდნენ. 
•    ბელგიაში მარწყვი იმდენად უყვართ, რომ მარწყვის მუზეუმიც კი დაარსეს!

გამოქვეყნების თარიღი: 05 მაისი, 2023წ

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები