მუსიკის 10 სარგებელი ჩვენი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის

მუსიკის 10 სარგებელი ჩვენი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის

მუსიკის მოსმენა არა მხოლოდ სასიამოვნო, არამედ სასარგებლოცაა. მას შეუძლია დადებითი გავლენა მოახდინოს ჩვენს მენტალურ და ფიზიკურ ჯანმრთელობასა და ზოგად კეთილდღეობაზე. ქვემოთ გაგაცნობთ 10 სარგებელს, რაც საყვარელი მუსიკის მოსმენას მოაქვს.

საყვარელი მელოდიები გვამშვიდებს

ოჰაიოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კვლევის თანახმად, საყვარელი მუსიკის მოსმენამ ინტენსიური თერაპიის განყოფილების პაციენტებს შორის შფოთვა დაახლოებით ერთი მესამედით შეამცირა. თუმცა, ასეთი გავლენა არა ნებისმიერ მუსიკას, არამედ მხოლოდ ნაცნობსა და საყვარელ მელოდიას აქვს.

მუსიკის მოსმენისას ნაკლებს მივირთმევთ

კორნელის კვლევის თანახმად, მას შემდეგ, რაც hardee’s-ის რესტორნების ქსელში რბილი განათება დააყენეს და ჯაზის დაკვრა დაიწყეს, მომხმარებლები 18%-ით ნაკლებს მიირთმევდნენ. ამასთანავე, მათ აღნიშნეს, რომ კერძებისგან უფრო მეტ სიამოვნებას იღებდნენ.

ინსპირაციული კომპოზიციები აუმჯობესებს კონცენტრაციის უნარს

ნორთუმბრიის უნივერსიტეტის კვლევამ დაადგინა, რომ ვივალდის ოთხი სეზონის კონცერტების მოსმენა ზრდის გონებრივ სიფხიზლეს. კვლევის მონაწილე ახალგაზრდებს სთხოვდნენ, შეესრულებინათ დავალება, რომელიც ძლიერ კონცენტრირებას მოითხოვს. ისინი უკეთ ასრულებდნენ დავალებას, როდესაც “ზაფხულის” ნათელ, ცოცხალ კონცერტს უსმენდნენ, ვიდრე უფრო ნელი და მწუხარე “შემოდგომის” სმენისას.

მუსიკა დადებითად მოქმედებს სისხლძარღვებზე 

მერილენდის უნივერსიტეტის კვლევის თანახმად, იმ მუსიკის მოსმენა, რომელსაც ჩვენთვის სიხარული მოაქვს, აფართოებს სისხლძარღვებს, ზრდის სისხლის ნაკადს და დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა ჯანმრთელობაზე.

კვლევაში მონაწილე ადამიანების სისხლძარღვების საშუალო დიამეტრი დაახლოებით 26 პროცენტით გაიზარდა მხიარული მუსიკის მოსმენის შემდეგ. სხვა კვლევები, რომლის ფარგლებშიც საერთო ჯამში გულის დაავადების მქონე 1400 პაციენტს აკვირდებოდნენ, აჩვენებს, რომ მუსიკა ამცირებს გულისცემას, არტერიულ წნევასა და შფოთვას.

ინსტრუმენტზე დაკვრა სიბერეში ტვინს სისხარტის შენარჩუნებაში ეხმარება 

რაც უფრო მეტი წელი უკრავდნენ საშუალო ასაკის და ხანდაზმული ადამიანები ბავშვობაში მუსიკალურ ინსტრუმენტებზე, მით უფრო სწრაფად რეაგირებდა მათი ტვინი ექსპერიმენტის დროს მეტყველების ბგერებზე, ნათქვამია ჟურნალში Neuroscience. “მილიწამში უფრო სწრაფი სიჩქარე შეიძლება არც ისე ბევრი ჩანდეს, მაგრამ ტვინი დროის მიმართ მგრძნობიარეა: მილიწამს, რომელშიც მილიონობით ნეირონზე მეტია, შეუძლია რეალური ცვლილება შეიტანოს მოზრდილი ადამიანების ცხოვრებაში”, – ამბობს მაიკლ კილგარდი, ტეხასის უნივერსიტეტის მკვლევარი.

მუსიკა გვეხმარება დავალებების სწრაფად შესრულებაში

სამსახურში მხიარული მუსიკის მოსმენა გვეხმარება დავალებები უფრო სწრაფად შევასრულოთ. განსაკუთრებით განმეორებითი დავალებები, როგორებიცაა, მაგალითად, ელექტრონული ფოსტის შემოწმება ან დოკუმენტების შევსება.

ერთ-ერთი კვლევის თანახმად, ქირურგების სიზუსტე და ეფექტურობა გაუმჯობესდა, როდესაც ისინი მათთვის სასურველი მუსიკის ფონზე მუშაობდნენ. კორნელის უნივერსიტეტის მკვლევრებმა ასევე დაადგინეს, რომ მხიარული, ენერგიული მუსიკის მოსმენა ეხმარება თანამშრომლებს გუნდურ მუშაობაში.

მუსიკა უფრო კრეატიულს გვხდის 

ნიდერლანდებისა და ავსტრალიის მკვლევრების აზრით, ადამიანები უფრო შემოქმედებით გადაწყვეტილებებს იღებენ, როდესაც მხიარულ, ოპტიმისტურ მუსიკას უსმენენ, ვიდრე მაშინ, როცა ჩუმად სხედან. ამის მიზეზი კი შეიძლება ისაა, რომ მუსიკა აუმჯობესებს ტვინის მოქნილობას, ან ის, რომ მუსიკა გვეხმარება საკმარისად მოვდუნდეთ იმისთვის, რომ კრეატიულად ვიფიქროთ. ასეა თუ ისე, მუსიკა გვეხმარება ვიყოთ კრეატიულები.

მუსიკა გვეხმარება უკეთ დავიძინოთ

ძილისპირული მხოლოდ ბავშვებისთვის არ არის. დაძინებამდე მუსიკის მოსმენა გვეხმარება უფრო მალე ჩაძინებაში, ასეთ დროს ღამით უფრო იშვიათად გვეღვიძება და დილით უფრო დასვენებულნი ვიღვიძებთ.

ტაილანდში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მოხუცები, რომელთაც ძილის პრობლემები ჰქონდათ უკეთ იძინებდნენ, როდესაც ძილის წინ 45 წუთის განმავლობაში ნელ, სასიამოვნო მუსიკას უსმენდნენ.

მუსიკა კურნავს

მუსიკას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ სამკურნალოდ, თუმცა მხოლოდ ახლა ვსწავლობთ, თუ როგორ მუშაობს ეს. 400 კვლევის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ მუსიკის მოსმენა ხელს უწყობს ორგანიზმში ანტისხეულების (იმუნოგლობინი A) გამოყოფას, რომელიც თავს ესხმის ვირუსებსა და ბაქტერიებს.

სასიამოვნო მელოდიის მოსმენა ხელს უწყობს ტკივილის შემსუბუქებას

ერთ-ერთი კვლევის თანახმად, ადამიანები, რომლებიც ბავშვობის დროინდელ მელოდიებს უსმენდნენ 17 პროცენტით ნაკლებად განიცდიდნენ ტკივილს უსაფრთხო ელექტროშოკის მიღებისას. სხვა კვლევა აჩვენებს, რომ მუსიკის მოსმენას შეუძლია შეამციროს ტკივილი ფიბრომიალგიითა (დაავადება, რომელიც იწვევს კუნთების ტკივილს) და კიბოთი დაავადებულ პაციენტებში.

მუსიკის მოსმენა დადებითად მოქმედებს ჩვენს განწყობაზე, ფიზიკურსა თუ მენტალურ ჯანმრთელობაზე. საყვარელი მელოდიის მოსმენას შეუძლია აგვიმაღლოს განწყობა, დაგვეხმაროს განტვირთვაში და თავი უკეთ გვაგრძნობინოს. შეადგინეთ თქვენი საყვარელი მუსიკის ფლეილისტი და ეცადეთ, მოუსმინოთ მას ყოველდღე!

გამოქვეყნების თარიღი: 14 აპრილი, 2021წ
ავტორი

Bloomin.ge

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები