როგორ განვასხვავოთ შფოთვა და ნერვიულობა

როგორ განვასხვავოთ შფოთვა და ნერვიულობა

ხშირად, სიტყვებს „შფოთვა“ და „ნერვიულობა“ ერთნაირი მნიშვნელობით ვიყენებთ. სინამდვილეში, ეს ორი, ერთმანეთისგან განსხვავებული ფსიქოლოგიური მდგომარეობაა.

მართალია, შფოთვაც და ნერვიულობაც მღელვარებასთან და წუხილთან არის დაკავშირებული, და შფოთვა ნერვიულობასაც მოიცავს, თუმცა ისინი სათავეს ტვინის სხვადასხვა ნაწილში იღებს და, შესაბამისად, განსხვავებულად ზემოქმედებს ჩვენს ჯანმრთელობაზე. იმისთვის, რომ ჩვენი ფსიქოლოგიური მდგომარეობა სწორად ვმართოთ, სასურველია გავარჩიოთ, როდის ვნერვიულობთ და როდის გვაქვს საქმე უსარგებლო შფოთვასთან.

ფაქტია, რომ დროთა განმავლობაში, ნერვიულობას და შფოთვას ყველანი განვიცდით და უმეტესწილად ვუმკლავდებით კიდეც. თუმცა, ზოგ შემთხვევაში, ამ მდგომარეობამ შესაძლოა ქრონიკული ხასიათი მიიღოს, რასაც თქვენი ცხოვრების ხარისხზე ნეგატიური ზეგავლენის მოხდენა შეუძლია.

რა არის შფოთვა?

შფოთვა, ჩვენი სხეულის ბუნებრივი რეაქციაა მოსალოდნელ საფრთხეზე. ამ დროს ტვინი მიიჩნევს, რომ საფრთხე გვემუქრება, სიგნალს უგზავნის სხეულს და “ბრძოლის ან გაქცევის” რეაქციისთვის ამზადებს მას. ეს რეაქცია ჩვენში ჰორმონალურ და სხვა ფიზიოლოგიურ ცვლილებებს იწვევს, რაც გვაიძულებს სწრაფად ვიმოქმედოთ და დავიცვათ თავი მოსალოდნელი საშიშროებისგან. შფოთვა განსხვავდება შიშისგან – შფოთვას მომავალში საფრთხის მოლოდინის შედეგად განვიცდით, როდესაც შიშის განცდა უფრო აწმყოში, გარდაუვალი საფრთხის დროს გვეუფლება.

შფოთვა დაკავშირებულია ამიგდალასთან, ტვინის იმ ნაწილთან, რომელიც ემოციებზეა პასუხისმგებელი. შფოთვას მაშინ განვიცდით, როდესაც ჩვენი „ემოციური“ ტვინის ნაწილიდან წამოსული სიგნალი უფრო ძლიერია, ვიდრე ჩვენი ტვინის „რაციონალური“ ნაწილიდან წამოსული სიგნალები.

რატომ განვიცდით შფოთვას?

ჩვენმა წინაპრებმა ეს ინსტინქტი მრავალი წლის წინ განივითარეს. მილიონობით წლის განმავლობაში შფოთვა ველური ბუნებისგან და აგრესიული ცხოველებისგან თავის დასაცავად იყო საჭირო. თუმცა, დღეს შფოთვას ბევრ ისეთ სიტუაციას ვუკავშირებთ, რომელიც სიცოცხლისთვის სახიფათო არ არის, მაგრამ ჩვენი სხეული, სამწუხაროდ, მას მაინც სახიფათოდ აღიქვამს. მაგალითად, როდესაც ვშფოთავთ ფართო საზოგადოების წინაშე სიტყვით გამოსვლის გამო.

მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ მოსალოდნელ თუ რეალურ სახიფათო სიტუაციაში, როგორც შიშის, ისე შფოთვის განცდა, არა თუ ნორმალური, არამედ თვითგადარჩენისთვის აუცილებელიც კია. მაგალითად, როცა პანდემიის დროს ხალხმრავალ ადგილას მოხვედრისას სხეულში დაძაბულობისა და შფოთვის შეგრძნება ამ ადგილის სწრაფად დატოვებისკენ გვიბიძგებს.

რას ნიშნავს ნერვიულობა?

ნერვიულობა შფოთვის შემადგენელი ნაწილია, მაგრამ შფოთვის გარეშეც შეიძლება დაგვეუფლოს. მას შეუძლია ჩვენში დაძაბულობა, მოუსვენრობა და გაღიზიანება გამოიწვიოს. თუმცა, მისი შედეგები უფრო მსუბუქია, ვიდრე შფოთვის.

ჩვენ ვნერვიულობთ კონკრეტული, რეალური მიზეზების გამო.მაგალითად, შეიძლება ვინერვიულოთ გამოცდისა თუ მნიშვნელოვანი პრეზენტაციის წინ, როცა კარგად არ ვართ მომზადებული.

ნერვიულობა დროის შედარებით მოკლე პერიოდში ჩნდება და მის გამომწვევ მოვლენასთან ერთად ქრება. შესაბამისად, ჩვენც უფრო სწრაფად ვმშვიდდებით.

ნერვიულობის ამომავალი წერტილი ჩვენი აზრებია. ის ტვინის წინა კორტექსში ვითარდება, იმ ნაწილში, რომელიც ფიქრზეა პასუხისმგებელი. ასევე, ნერვიულობა გვიბიძგებს პრობლემის გადაჭრისკენ და შფოთვისგან განსხვავებით, ამ დროს ფიზიკური სიმპტომები ნაკლებად აღინიშნება.

რა განსხვავებებაა შფოთვას და ნერვიულობას შორის?

ნერვიულობა კონკრეტულ შემთხვევას/მიზეზს უკავშირდება, შფოთვა კი უფრო – ბუნდოვანი და ზოგადია.

ჩვენ შეიძლება ვნერვიულობდეთ, რომ დაგვაგვიანდება დანიშნულ რეისზე (რომლის ბილეთიც გვაქვს ნაყიდი) და ვშფოთავდეთ ზოგადად, მოგზაურობის შესახებ.

ნერვიულობა ჩნდება თავში, შფოთვას კი სხეულში ვგრძნობთ.

ნერვიულობა, ჩვენს ფიქრებთან არის დაკავშირებული, ხოლო შფოთვა უფრო მრავლისმომცველია და მას სხეულის სხვა ნაწილებშიც ვგრძნობთ.

ნერვიულობა უფრო გააზრებულია, ვიდრე შფოთვა.

ნერვიულობაა, როცა გვეშინია, რომ ცუდ შეფასებას მივიღებთ, რადგან პროექტზე ცუდად ვიმუშავეთ. შფოთვაა, როდესაც გვეშინია,რომ სამსახურიდან დაგვითხოვენ, რადგან უფროსი ისე თბილად არ მოგვესალმა, როგორც სჩვევია.

ნერვიულობის ინტენსივობის კონტროლი უფრო შესაძლებელია, ვიდრე შფოთვის.

როგორც კლინიკური ფსიქოლოგი დენიელ ფორში ამბობს, ნერვიულობა უფრო ექვემდებარება კონტროლს. მაგალითად, როცა ვნერვიულობთ, შეიძლება ყურადღება გადავიტანოთ და აღარ ვიფიქროთ იმაზე, რაც გვაწუხებს. ხოლო, შფოთვისას სხვა საქმეზე გადართვა უფრო რთულია.

ნერვიულობა შედარებით მსუბუქ დაძაბულობას იწვევს, შფოთვა კი ძლიერს.

ნერვიულობა მსუბუქ ემოციურ სტრესს იწვევს, შფოთვა კი – მწვავე ემოციურ მდგომარეობას.

შფოთვისას, უფრო მეტი ფიზიკური სიმპტომი ვლინდება, როგორიცაა თავის ტკივილი, დაძაბულობა გულ-მკერდის არეში, დისკომფორტი მუცლის არეში და სხვა.

უმეტესად ნერვიულობას ჩვენით შეგვიძლია გავუმკლავდეთ, შფოთვისას კი შესაძლოა პროფესიონალის დახმარება დაგვჭირდეს.

ნერვიულობა ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და მისი დაძლევა ჩვენითაც შეგვიძლია. შფოთვის სამართავად შესაძლოა სპეციალისტის დახმარება გახდეს საჭირო – თუ ეს მდგომარეობა ქრონიკული გახდა, მასთან დამოუკიდებლად გამკლავება არც ისე მარტივი შეიძლება აღმოჩნდეს.

როდის უნდა მივმართოთ სპეციალისტს? 

შფოთვა პრობლემა ხდება, როდესაც ის ქრონიკულ სახეს იღებს და ხელს გვიშლის ყოველდღიურ ცხოვრებაში. თუ განიცდით გადამეტებულ და ხშირ შფოთვას და ნერვიულობას, ამის გამო ერიდებით კონკრეტულ ადგილებს, უარს ამბობთ კონკრეტულ აქტივობებში ჩართვაზე, ან პირიქით, ეს მდგომარეობა გიბიძგებთ განმეორებითი ქმედებებისკენ, ასევე გირღვევთ ძილს, გიჭირთ კონცენტრაცია, ხშირად გრძნობთ დაძაბულობას, ან თუ განიცდით  პანიკურ შეტევებს და ა.შ., სასურველია გაიაროთ სპეციალისტის კონსულტაცია.

გამოქვეყნების თარიღი: 11 მარტი, 2021წ
ავტორი

Bloomin.ge

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები