როგორ დავნერგოთ ბავშვებში სწორი კვებითი ჩვევები

როგორ დავნერგოთ ბავშვებში სწორი კვებითი ჩვევები

ბავშვებში ჯანსაღი კვებითი ჩვევების ჩამოყალიბებას მრავალი გრძელვადიანი სარგებელი აქვს.

პირველ რიგში, ჯანსაღი კვება მნიშვნელოვანია მათი ჯანმრთელობისთვის და სწორი ფიზიკური და გონებრივი განვითარებისთვის.

სწორი კვებითი ჩვევების ჩამოყალიბება ეხმარება ბავშვებს შეინარჩუნონ ჯანსაღი წონა.

ჯანსაღი კვება აბალანსებს მათ ენერგიას. ბავშვები, რომლებიც არასწორად იკვებებიან, ხშირად უენერგიოდ არიან, ან პირიქით, ახასიათებთ ენერგიის მატება და აღგზნებადობა. განსაკუთრებით მაშინ, თუ მათი კვების რაციონი დიდი რაოდენობით რაფინირებული შაქრის შემცველი პროდუქტებისგან შედგება.

ასეთი ჩვევების ბავშვობიდანვე დანერგვის შემთხვევაში, მათ ზრდასრულ ასაკშიც სწორი დამოკიდებულება ექნებათ საკვების მიმართ. შესაბამისად, ნაკლებად შეაწუხებთ ზედმეტი წონა და არასწორი კვებით გამოწვეული სხვა პრობლემები.

ქვემოთ მოცემული 10 რჩევა გაგიმარტივებთ ბავშვებისთვის სწორი კვებითი ჩვევების ჩამოყალიბებას.

           1.    ასწავლეთ მაგალითით
ბავშვები ყველაზე უკეთ მაგალითით სწავლობენ. ისინი უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ იმას, თუ რას აკეთებთ, ვიდრე იმას, თუ რას ეუბნებით. ადრეულ ასაკში მათთვის დასწავლის ყველაზე ეფექტური ფორმა სწორედ სხვისი მიბაძვაა. რთული იქნება შეაყვაროთ ბავშვებს ჯანსაღი საკვები, თუ თავად არ მიირთმევთ მას.
           2.    შეამცირეთ სახლში არაჯანსაღი საკვები 
არჩევანის გაკეთება ჯანსაღ და არაჯანსაღ საკვებს შორის გაცილებით იოლი იქნება, თუ სახლში მხოლოდ ჯანსაღი საკვები გექნებათ. ეცადეთ, შეამციროთ სახლში არაჯანსაღი საკვები. ჩანააცვლეთ ის ჯანსაღი ალტერნატივებით. წასახემსებლად ბავშვებს ხილი, ბოსტნეული და სხვა სასარგებლო “სნექები” შესთავაზეთ. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ მათ სრულიად უნდა აუკრძალოთ ორცხობილა, ნაყინი ან კარტოფილი ფრი. უბრალოდ, ეცადეთ, იშვიათად გქონდეთ ასეთი საკვები სახლში.
            3.    მოერიდეთ ფრაზას „ჯანსაღი საკვები უგემური, მაგრამ აუცილებელია“ 
ხშირად საკვების მირთმევისას მშობლები იყენებენ ფრაზას, „უგემურია, მაგრამ აუცილებელია, ამიტომ უნდა შეჭამო“. ეს მიდგომა ბავშვებს არასწორ შეხედულებებს უყალიბებს. საკვების გემოს მისი მომზადების წესი მნიშვნელოვნად განსაზღვრავს. ნებისმიერი საკვები იქნება გემრიელი, თუ მას „გემრიელად“ მოვამზადებთ.

სცადეთ  სალათების, საკვების დრესინგებისა და სოუსების სხვადასხვა რეცეპტი. იპოვეთ ისეთი გემო, რომელიც ბავშვებს მოეწონებათ. ასე, მათ ბევრ კერძს შეაყვარებთ.

           4.    ლამაზად გააფორმეთ კერძი 
ბავშვებისთვის, ისევე როგორც ჩვენთვის, მნიშვნელოვანია თუ როგორ გამოიყურება საკვები. გახადეთ ის უფრო სახალისო და ფერადი, დაჭერით სხვადასხვა ფორმებად და დაალაგეთ ლამაზად. ასე ბავშვს კერძის გასინჯვის და მირთმევის მეტი სურვილი ექნება.

          5.    მოერიდეთ საკვების ჯილდოდ ან სასჯელად გამოყენებას
ნუ გამოიყენებთ საკვებს, როგორც სასჯელს ან ჯილდოს. ნუ დასჯით ბავშვებს კონკრეტული საკვების, მაგალითად ტკბილეულის აკრძალვით, ან ნუ დაემუქრებით, რომ ასე მოიქცევით. ეს არასწორ შეხედულებებს ჩამოუყალიბებს მათ. მაგალითად, ბავშვებმა შეიძლება იფიქრონ, რომ მომავალში ტკბილეულს აღარ მისცემთ, ან აღარ უყიდით და ამან შეიძლება უბიძგოს მიირთვას საჭიროზე მეტი, როცა ამის შესაძლებლობა ექნება.

ასევე, მოერიდეთ ბავშვების დაჯილდოებას საკვებით, მაგალითად: ,,თუ წვნიანს დაამთავრებ, დესერტს მიიღებ“ ან ,,თუ ბოსტნეულს შეჭამ, შოკოლადს მოგცემ“. ამით ბავშვებს უყალიბდებათ არასწორი შეხედულება, თითქოს ზოგიერთი საკვები, მაგალითად,  ტკბილეული უფრო ღირებულია, ვიდრე ბოსტნეული და სხვა ჯანსაღი საკვები.

         6.    მოუწოდეთ ბავშვებს მიირთვან ნელა 
მოუწოდეთ ბავშვებს მიირთვან ნელა. ჩვენ გაცილებით უკეთ ვგრძნობთ როდის ვნაყრდებით, როდესაც ნელა ვჭამთ. ასევე არიან ბავშვებიც.

         7.    ჩართეთ ბავშვები საკვების შერჩევისა და მომზადების პროცესში
საკვების ერთად მომზადება მშვენიერი შესაძლებლობაა მიაწოდოთ მეტი ინფორმაცია ბავშვებს ჯანსაღი კვების შესახებ. ერთად წადით საყიდლებზე და დაიხმარეთ ისინი პროდუქტების შერჩევაში. ასე თქვენც მეტს გაიგებთ თუ რას ანიჭებენ თქვენი ბავშვები უპირატესობას, რა მოსწონთ მათ და რა არა. ჩართეთ ისინი საკვების მომზადების პროცესში, ეს საინტერესო და სახალისო პროცესი იქნება. ამასთანავე, მათ შეიძლება უფრო მეტად მოუნდეთ იმ კერძის მირთმევა, რომლის გაკეთებაშიც თავად მიიღეს მონაწილეობა.

        8.    ყურადღება მიაქციეთ საკვების ინგრედიენტებსა და პორციებს
ზოგიერთი პროდუქტი შეფუთულია, როგორც ჯანსაღი, თუმცა სინამდვილეში არ არის. ამიტომ, როდესაც პროდუქტებს ყიდულობთ, დააკვირდით შემადგენლობას. მოერიდეთ ისეთ პროდუქტებს, რომელიც დიდი რაოდენობით ტრანს ცხიმებს, შაქარს ან სიმინდის სიროფს შეიცავს.

ასევე, აუცილებელია პორციების შეზღუდვაც. ის, რომ საკვები ჯანსაღია, არ ნიშნავს, რომ უზომო რაოდენობით უნდა მივირთვათ. მიაჩვიეთ ბავშვი ზომიერ ულუფას და ნუ დააძალებთ ბოლომდე ჭამას, თუ ის თავს უკვე დანაყრებულად გრძნობს.

        9.     ნუ მიირთმევთ საკვებს ტელევიზორის ყურებისას
ეცადეთ საკვები ერთსა და იმავე ადგილას მიირთვათ, მაგალითად, სასადილო ოთახში. ნუ მიირთმევთ საკვებს ტელევიზორის ყურებისას. ასეთ დროს ჩვენ ვერ ვკონცენტრირდებით საკვებზე, შესაბამისად, ვერ ვგრძნობთ დანაყრების შეგრძნებას, რაც გვაიძულებს იმაზე მეტი ვჭამოთ, ვიდრე გვჭირდება.

     10.     წაახალისეთ ბავშვები, რომ მეტი წყალი დალიონ 
საკმარისი რაოდენობით წყლის მიღება ჯანსაღი კვებითი ჩვევების განუყოფელი ნაწილია. შეუზღუდეთ ბავშვებს წვდომა ტკბილ სასმელებზე და ჩაანაცვლეთ ის წყლით.

გამოქვეყნების თარიღი: 08 იანვარი, 2021წ
ავტორი

Bloomin.ge

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები