გარემოზე ზრუნვის მარტივი გზები

გარემოზე ზრუნვის მარტივი გზები

კარგა ხანია გვაფრთხილებენ, რომ ბუნების მიმართ უპასუხისმგებლო დამოკიდებულებამ შეიძლება კაცობრიობა სავალალო შედეგებამდე მიიყვანოს. უკანასკნელ წლებში საშიშროება  განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა – გახშირდა მასშტაბური ხანძრები დედამიწისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ტყეებში (სამაგალითოდ ამაზონისა და ავსტრალიის ტყეების გახსენებაც საკმარისია), მოიმატა წყლის დონემ, საგრძნობლად შეიცვალა კლიმატი… სამწუხაროდ, ადამიანები, ხშირად – გაუცნობიერებლად, დიდ ზიანს აყენებენ გარემოს.

შემოგთავაზებთ რამდენიმე მცირე ცვლილების იდეას, რომელთა ყოველდღიურობაში დანერგვით უმნიშვნელოვანეს გავლენას მოახდენთ პლანეტის კეთილდღეობაზე. შეიძლება იფიქროთ, რომ  ერთი ადამიანის ქმედებები დიდ ცვლილებას ვერ მოახდენს. ეს მცდარი მოსაზრებაა. თუ ყველა ასე იფიქრებს, მაშინ მართლაც არაფერ შეიცვლება.

ცვლილება ყოველთვის საკუთარი თავიდან უნდა დავიწყოთ. მაგალითად, თუ სხვა ადამიანი ქუჩაში ნაგავს ყრის, თქვენ კი – არა, ამით ხომ მცირდება დანაგვიანება? თანაც, სხვაც შეამჩნევს თქვენს საქციელს და მომავალში გაითვილსიწინებს. ხომ გსურთ, რომ თქვენ და მომავალი თაობები ჯანსაღ, სუფთა, გამწვანებულ გარემოში ცხოვრობდეთ?

გადავიდეთ ცვლილებების იდეებზე:

შეამცირეთ ხორცის მიღება. ხორცის მასობრივი წარმოების ინდუსტრია აბინძურებს ჰაერს, ანადგურებს ტყეებს და პირდაპირ გავლენას ახდენს კლიმატის ცვლილებაზე. წარმოიდგინეთ, წელიწადში მილიარდობით ცხოველი რომ გამოკვებოს,  ნადგურდება უზარმაზარი ტყის მასივები და მათ სოიოს პლანტაციები ანაცვლებს.

ეს ყველაფერი კი იმისთვის, რომ ადამიანმა ბურგერი, სოსისი თუ ძეხვი მიირთვას!  ეცადეთ შეამციროთ ხორცის მიღება, სულ მცირე –  მასობრივი წარმოების ხორცის მაინც.

არ დაანაგვიანოთ გარემო.  ალბათ გინახავთ ბუნებაში მიმოყრილი პლასტმასის ბოთლები, პოლიეთილენის პარკები, სასუსნავების შეფუთვები და სხვა ამგვარი. ასე ნიადაგში ხვდება პოლიესტერი და სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებები, რომელთა გადამუშავებასაც ასობით წელი სჭირდება. შედეგად გარემო ბინძურდება ტოქსინებით, რაც ჩვენს ჯანმრთელობას ვნებს. ეცადეთ მათ გადაყრას მოერიდოთ. საერთოდ, უკეთესია ნაკლებად გამოიყენოთ პოლიეთელინის პარკები. საყიდლებზე ნაჭრის ჩანთა გამოიყენეთ და პროდუქტებისთვის პარკების გამოყენება აღარ დაგჭირდებათ.

დაზოგეთ წყალი და ელექტროენერგია. წყალი უმნიშვნელოვანესი რესურსია, რომელსაც აუცილებლად უნდა გავუფრთხილდეთ. ელექტროენერგიაც უნდა დავზოგოთ, რადგან მის მიღებას დიდი რაოდენობით წყალი სჭირდება. ბუნებრივი რესურსების დაზოგვა მცირე ცვლილებების მოხდენით არის შესაძლებელი. მაგალითად, დაკეტეთ ონკანი კბილების წმენდის დროს, ჩართეთ სარეცხი მანქანა ეკო რეჟიმზე, გამოიყენეთ ეკონომიური ნათურები, შეიძინეთ ტექნიკა, რომელიც ნაკლებ ელექტრო-ენერგიას მოიხმარს. ასეთი ცვლილებები გარემოზეც დადებითად აისახება და თქვენს დანახარჯებზეც.

შეამცირეთ ჰაერის დაბინძურება. ჰაერის დაბინძურების შემცირება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. ამისთვის, ძალიან მარტივი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო: ეცადეთ ნაკლებად გამოიყენოთ ავტომანქანა. თუ დიდ მანძილზე მგზავრობა არ გიწევთ, იარეთ ფეხით ან ისარგებლეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით; იზრუნეთ იმაზე, რომ თქვენი ავტომობილი ტექნიკურად გამართული იყოს; გამოიყენეთ ისეთი სასწვავი, რომელიც გარემოს ნაკლებად აბინძურებს; ავტომობილის შეძენის დროს უპირატესობა მიანიჭეთ ჰიბრიდებს და ელექტრო მანქანებს.

დაზოგეთ ქაღალდი. არ ამობეჭდოთ საბუთები, თუ ეს აუცილებელი არ არის. ქაღალდის წარმოებისთვის იჭრება ხეები და ნადგურდება ტყეები – ტყეები, რომელიც დედამიწის ფილტვებია.

დარგეთ ხეები. ხეები არა მხოლოდ ჟანგბადს გამოყოფენ, არამედ ნახშირორჟანგს შთანთქავენ და ჰაერს ფილტრავენ. ხის დარგვა ერთ-ერთი უმარტივესი და, ამავდროულად, უმნიშვნელოვანესი რამ არის, რაც შეიძლება გარემოსთვის გააკეთოთ. ამასთან, ბუნებასთან ურთიერთობა დადებიად აისახება თქვენს მენტალურ ჯანმრთელობაზეც. დაამკვიდრეთ ხეების დარგვის ტრადიცია ოჯახში. შეაყვარეთ ბუნებასთან ურთიერთობა ბავშვებს, ასწავლეთ, რომ ხეც ცოცხალია და სუნთქავს, რომ ბუნებასაც სჭირდება  ზრუნვა და მოფრთხილება.

სამყაროში ყველაფერი ურთიერთკავშირშია. არ გეგონოთ, რომ ავსტრალიის ხანძარი, თუ სხვა მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა, თქვენ არ გეხებათ. თუ დღეს მსგავსი მოვლენების შედეგს ვერ გრძნობთ, აუცილებლად იგრძნობთ ხვალ.

გახსოვდეთ, რომ რაც უნდა უმნიშვნელოდ გეჩვენებოდეთ თქვენი როლი დედამიწის მომავლის ფორმირებაში,  სინამდვილეში ის უდიდესია.

ცვლილება იწყება ერთი ადამიანით.

ცვლილება იწყება პირველი ნაბიჯით.

გამოქვეყნების თარიღი: 14 მაისი, 2020წ

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები