საკვები ნარჩენების გადამუშავების ყველაზე მარტივი ხერხი

საკვები ნარჩენების გადამუშავების ყველაზე მარტივი ხერხი

საკვები ნარჩენების გადამუშავებით კარგი ორგანული სასუქის მიღება შეიძლება.  გადამუშავების ამ პროცესს კომპოსტირება ჰქვია. არსებობს კომპოსტირების სხვადასხვა მეთოდი, რომლებიც უზრუნველყოფენ სხვადასხვა, საკმაოდ ძლიერი სასუქების მიღებას.

განვიხილოთ კომპოსტირების ყველაზე მარტივი მეთოდი.  როდესაც ამ პროცესს კარგად აითვისებთ, შეგიძლიათ უფრო პროგრესულ მეთოდების შესახებ მოიძიოთ ინფორმაცია.

რატომ არის კარგი კომპოსტირება? უპირველეს ყოვლისა, გარემოს დაცვისთვის ბევრად უკეთესია საკვები ნარჩენების ორგანული გადამუშავება, ვიდრე, მაგალითად, მათი  ნაგავსაყრელზე დაწვა. ყველაფერი, რასაც საკვებად ვიყენებთ,  მოდის მიწიდან და უკეთესია ნარჩენები ისევ მიწას დავუბრუნოთ. ასე ნიადაგის სტრუქტურა მდიდრდება, რაც ხელს უწყობს მომავალი მოსავლის ხარისხის გაუმჯობესებას.

კომპოსტირებისთვის საჭიროა პატარა ეზო ან ბაღი. ბინის პირობებში კომპოსტირება მეტ ძალისხმევას  და, უმეტეს შემთხვევებში, სპეციალურ სათავსოსაც მოითხოვს. კომპოსტირება შეგიძლიათ აგარაკზე, სოფელში ან საკუთარის სახლის ეზოში უზრუნველყოთ. ამისთვის პატარა ადგილი ან ჭურჭელი, მიწა, გამხმარი ფოთლები და საკვები ნარჩენები დაგჭირდებათ.

კომპოსტირებისთვის შეგიძლიათ ამოთხაროთ ნახევარი მეტრის სიღრმის ორმო ან გამოიყენოთ დიდი ზომის ჭურჭელი, თუნდაც – პლასტმასის. თუმცა, აუცილებელია ჭურჭელს ქვემოთ გაუკეთოთ ნასვრეტები იმისთვის, რომ ჰაერმა იმოძრაოს და დაგროვებული სითხეც დაიწრიტოს.

ამის შემდეგ თქვენ დაგჭირდებათ გამხმარი ფოთლები. ცნობილია, რომ გამხარი ფოთლების დაწვა ძალიან აბინძურებს ჰაერს და ნიადაგს, რაც  ადამიანის  ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება. არასდროს დაწვათ ფოთლები ან საყოფაცხოვრებო ნივთები – ამაზე კანონით 200 ლარიანი ჯარიმაც კი არის გათვალისწინებული. კარგი ამბავი ის არის, რომ ფოთლები შეგიძლიათ სასუქად აქციოთ ან შეაგროვოთ პატარა რკინის ღობით შემოსაზღვრულ ადგილში – იგი წლის განმავლობაში თავისთავად იქცევა ნიადაგის ნაწილად. მანამდე კი თქვენ შეძლებთ იგი საკვები ნარჩენების კომპოსტირებისას გამოიყენოთ.

კომპოსტირებისას გამოიყენეთ მხოლოდ ბოსტნეულის და ხილის ნარჩენები. თუ სხვა ნარჩენებს გაურევთ – ხორცის, ტკბილეულის ან რძის პროდუქტების, – ამით შეიძლება მღრღნელები და მწერები მოიზიდოთ. გარდა ამისა, ამ სახის საკვების ნარჩენების გადამუშავებას დიდი დრო ჭირდება. თუ ორმოს სახლიდან შორს გააკეთებთ, მაშინ შეგიძლიათ ყველა სახის ნარჩენი გამოიყენოთ, მაგრამ მიწაც მეტი დაგჭირდებათ და გადამუშავების პროცესიც მეტ დროის წაიღებს. ასეთი კომპოსტი სასუქად არ გამოდგება, თუმცა მიწისთვის პრობლემას არ წარმოადგენს. ბოსნტეულთან ერთად კომპოსტს შეგიძლიათ კვერცხის ნაჭუჭები, ჩაის ან ყავის ნარჩენები დაამატოთ. მაგრამ არ გაურიოთ ჩაის ერთჯერადი პაკეტები – მათი უმეტესობა პლასტმასს შეიცავს.

მაშ ასე, თქვენ უკვე გაქვთ სახლში ჭურჭელში დაგროვილი ორგანული ნარჩენები. ჩაყარეთ ეს კომპოსტირებისთვის განკუთვნილ ადგილას, ცოტა მიწით დაფარეთ და ზემოდან ფოთლები დააყარეთ. ამგვარად ნარჩენების სუნი არ შეგაწუხებთ და მალე ძალიან ნოყიერ ნიადაგს მიიღებთ.

კომპოსტირება ძალიან კარგი მეთოდია ბუნებაზე ზრუნვისთვის და არც განსაკუთრებულ ძალისხმავას მოითხოვს.

გამოქვეყნების თარიღი: 19 მარტი, 2020წ

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები