როგორ დავძლიოთ სტრესი

არსებობს სტრესის დაძლევის ორი მეთოდი: დაძლევა წარმოშობამდე და დაძლევა წარმოშობის შემდეგ. ისე, როგორც ავადმყოფობის შემთხვევაში, შესაძლოა დაავადება სიმპტომების შემჩნევისთანავე აღმოფხვრათ, ან იმკურნალოთ მას შემდეგ, რაც უკვე ავად გახდებით. თუმცა, თუ ჯანმრთელი ხართ და ძლიერი იმუნიტეტი გაქვთ, ავადმყოფობა იშვიათად შეგეხებათ.

იგივეა სტრესის შემთხვევაშიც – თუ თქვენ შეგიძლიათ საკუთარი გონების და ემოციების მართვა, სტრესი ვერ შეგეხებათ. ეს კი საკუთარ თავზე მუდმივ მუშაობას მოითხოვს და მიღწევადიცაა.

განვიხილოთ პირველი შემთხვევა – სტრესის დაძლევა სიმპტომების შემჩნევისთანავე.

პირველ რიგში, დავაზუსტოთ, რომ სტრესის მიზეზი სრულიად უბრალო სიტუაციაც კი შეიძლება გახდეს, რომელსაც ადამიანი ვერ უმკლავდება და ამის გამო „ისტრესება“. სინამდვლეში ასეთ სიტუაციასთან გამკლავებისთვის, უბრალოდ, საჭიროა თავიდანვე გააცნობიეროთ ასეთი სიტუაციის დადგომა – „აი, ახლა სტრესის გამომწვევი სიტუაციაა და შეიძლება დავისტრესო“. თუ ამას გააცნობიერებთ, მაშინ სწრაფად შეგიძლიათ საკუთარი თავი დაამშვიდოთ და მიიღოთ გამოწვევა როგორც თამაში: „აბა, როგორ შევძლებ ამ სიტუაციასთან გამკლავებას“!

პრობლემა ისაა, რომ ჩვენ ყველაფერს ზედმეტად სერიოზულად აღვიქვამთ და გვგონია, რომ თუ რაიმე ისე არ წარიმართა, როგორც გვსურს, მაშინ თითქოს სამყაროს დასასრული დგება, თითქოს მთელი ჩვენი ცხოვრება ამაზეა დამოკიდებული. თუმცა, გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, როდესაც მომხდარ მოვლენებს ვიხსენებთ, შეიძლება ისინი სასაცილოდაც კი მოგვეჩვენოს. მეტიც, ადამიანის მღელვარების და შიშის 99% სრულიად უმიზეზოა.

დროის გასვლის შემდეგ, როგორც წესი, ადამიანი ამას ხვდება. შემდეგ მომხდარს ტკბილი მოგონებების სადღეგრძელოში ჩააქსოვს – რა მწარედ გადახდა და რა ტკბილად აგონდება. სინამდვილეში კი ეს “სიმწარე”, უბრალოდ, იმ მომენტში სიტუაციისთვის გადამეტებული მნიშვნელობის მინიჭებამ გამოიწვია. თუ ჩვენ შინაგან და გარეგან ფაქტორებს გადაჭარბებულ მნიშვნელობას არ მივანიჭებთ, სტრესის საფუძველი საერთოდ გაქრება. რაიმე მოვლენის მნიშვნელობის შემცირება არ ნიშნავს მისდამი ინდიფერენტულ დამოკიდებულებას – თქვენ მაინც იმას აკეთებთ, რასაც სიტუაცია მოითხოვს და შედეგზე მიჯაჭვული არ ხართ. ამგვარად, თქვენი შესრულებული სამუშაო ბევრად ეფექტიანი იქნება, წარმატების შანსიც გაიზრდება. მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ თუ ადამიანი პოზიტიურადაა განწყობილი, მისი მუშაობა ბევრად ეფექტიანია და სიტუაციასთან გამკლავებაც უკეთესად შეუძლია, ვიდრე მაშინ როცა ღელავს ან სტრესის ქვეშ იმყოფება.

თუ სტრესის ციკლში მოყევით, მისგან თავის დაღწევა რთულია მანამ, სანამ თავისით არ გაივლის. ამიტომაა მნიშვნელოვანი ასეთი სიტუაცია წარმოშობისთანავე გააცნობიეროთ, მაშინვე დაიმშვიდოთ თავი და არ აჰყვეთ ემოციურ „პროვოკაციას“. თუმცა, ამისთვის ცოტა უფრო გაძლიერებული ცნობიერებაა საჭირო, რომ საკუთარ თავზე დაკვირვება და საჭირო რეაგირება მოახდინოთ. ამაში მედიტაციები დაგეხმარებათ, რითაც იქამდე მიხვალთ, რომ სტრესის 90% თქვენს ცხოვრებაში გაქრება.

როგორ დავძლიოთ სტრესი, როცა ის უკვე წარმოიშვა, ჩაიარა კიდეც და ჩვენს გონებაზე და სხეულზე უარყოფითად იმოქმედა?
ამ შემთხვევაში, საჭიროა დაგროვილი ემოციებისგან პერიოდულად გავთავისფულდეთ, რათა შემდგომში უფრო მარტივად არ გავხდეთ სტრესის მსხვრეპლი.

საკვები და სასმელი. შეამცირეთ ალკოჰოლის, ნიკოტინის და კოფეინის მიღება, რადგან ეს სტიმულატორები თქვენს ნერვულ სისტემას ასუსტებს. შაქარიც უარყოფითად მოქმედებს და ასუსტებს თქვენს იმუნიტეტს. ამავე დროს, სტრესის შემთხვევაში, ადამიანს უჩნდება სურვილი მოწიოს სიგარეტი, მიიღოს ალკოჰოლი ან მიირთვას დიდი რაოდენობით ტკბილეული. ეს არ არის სტრესის მოხსნა, ეს, უბრალოდ, ყურადღების გადატანაა სხვა შეგრძნებებზე – სტრესი დროებით გავიწყდებათ, თუმცა თქვენს სხეულზე შესაბამისი უარყოფითი ზეგავლენა აუცილებლად აისახება. ეს ეფექტი თქვენს გონებაშიც ილექება და ქვეცნობიერში გადადის. თუ ასე უმკალვდებით სტრესს, დროთა განმავლობაში დაინახავთ, რომ ყოველდღიური მცირე დაბრკოლებებიც კი გამაღიზიანებელი ხდება.

ძილი. საღი ძილი დაგემხარებათ სტრესის მოხსნაში. თუ ხშირად გამოუძინებელი ხართ, მაშინ უფრო მარტივად დაისტრესებით. ძილის წინ არ მიიღოთ კოფეინი ან სხვა სტიმულატორები, რომლებიც მშვიდ დაძინებაში შეგიშლით ხელს.

შხაპი. წყალი სტრესის მოსხნის კარგი საშუალებაა. სტრესული დღის შემდეგ შეგიძლიათ უფრო დიდხანს გაჩერდეთ შხაპის ქვეშ, რომ კარგად „ჩამოირეცხოს“ დაგროვილი ემოციები. თბილი წყალი მოგადუნებთ და უკეთესადაც დაიძინებთ.

ბუნებაში გასეირნება. მეცნიერების მიერ დამტკიცებულია, რომ ბუნებასთან კავშირი ამცირებს სტრესს. თუ ქალაქგარეთ გასვლის დრო არ გაქვთ, პარკში გასეირნებაც სასარგებლოა. თუმცა, შეეცადეთ რამდენიმე საათით თვეში ერთხელ მაინც გახვიდეთ ქალაქგარეთ.

ფიზიკური ვარჯიში ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა დაგროვილი სტრესის მოსახსნელად. ეფექტიანია ნებისმიერი სახის აქტივობა სავარჯიშო დარბაზში, ველოსიპედით გასეირნება, სირბილი, ცურვა თუ სხვა. სტრესული სიტუაციები იწვევენ სტრესის ჰორმონების – ადრენალინის და კორტიზოლის – შემცველობის ზრდას ორგანიზმში. საფრთხის დროს ისინი იმ დაცვითი მექანიზმების გააქტიურებას იწვევენ, რომლებიც აუცილებელი იყო, როცა ადამიანი ველურ ბუნებაში ცხოვრობდა. საფრთხის დროს მას ორი არჩევანი ჰქონდა – გაქცევა ან ბრძოლაში ჩართვა. სტრესის ჰორმონები ეხმარებოდა მას მყისიერ რეაქციაში. თუმცა, თანამედროვე ცხოვრებაში, როცა ვერც გავიქცევით და ვერც ჩხუბში ჩავერთვებით, საუკეთესო საშუალება დაძაბულობის მოხსნისთვის ფიზიკური აქტივობაა, რაც წარმოქმნილ ჰორმონებს ანეიტრალებს. შედეგად მშვიდდება სხეული და გონება. ეცადეთ რაიმე ფიზიკური აქტივობა გქონდეთ ყოველდღიურ ცხოვრებაში, დილით (სამსახურამდე) ან საღამოს (სამსახურის შემდგომ).

მოკლედ შევაჯამოთ.

- ნუ მიიღებთ ცხოვრებას ზედმეტად სერიოზულად;

- მედიტაცია აქციეთ თქვენი ყოველდღიურობის ნაწილად;

- კვირაში 2-3 ჯერ დაკავდით ფიზიკური აქტივობით;

- მიირთვით ჯანსაღი საკვები.

გამოქვეყნების თარიღი: 12 თებერვალი, 2020წ

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები