საკვების შენახვის საინტერესო და სასარგებლო რჩევები

საკვების შენახვის საინტერესო და სასარგებლო რჩევები

უკვე ყველამ ვიცით, თუ რამხელა გავლენა აქვს კვების რაციონს ჩვენს ფიზიკურ, თუ მენტალურ ჯანმრთელობაზე. თუმცა სურვილის მიუხედავად, ჯანსაღ კვებაში შეიძლება გარკვეული ფაქტორები გვიშლიდეს ხელს: არ გვაქვს საკვების მომზადებისთვის დრო ან არ ვიცით, საიდან შეიძლება ჯანსაღი და სასარგებლო კერძების გამოძახება; ერთჯერადად ვყიდულობთ ჯანსაღ პროდუქტებს, თუმცა მალე გვიფუჭდება და ისევ კონსერვირებულ ან რაფინირებულ საკვებს ვანიჭებთ უპირატესობას...

წელიწადის ამ დროს, სეზონური საკვები პროდუქტების დიდი არჩევანი გვაქვს და ჩვენი ყოველდღური კვების რაციონიც უფრო მრავალფეროვანია, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ზაფხულის დადგომასა და ჰაერის ტემპერატურის მატებასთან ერთად, საკვები პროდუქტები უფრო მარტივად კარგავს კვებით ღირებულებას და ადვილად ფუჭდება.

მნიშვნელოვანია, რომ წელიწადის ყველა დროს, საკვების შენახვისას დავიცვათ რამდენიმე უნივერსალური წესი:

- ნებისმიერი შეფუთული პროდუქტის შეძენისას, აუცილებლად შეამოწმეთ გამოშვებისა და ვარგისიანობის თარიღი

- მალფუჭებადი და მაღალი რისკის მქონე საკვები შეინახეთ მაქსიმუმ +5° ტემპერატურაზე, რათა საკვებით ინტოქსიკაციისგან დაიცვათ თავი

- მაცივარში უმი პროდუქტები შეინახეთ მზა საკვების ქვემოთ

- გამზადებული საკვები შეინახეთ თავდახურულ მდგომარეობაში

- გამზადებული საკვების თბილ მდგომარეობაში მაცივარში შენახვა შესაძლებელია (ზაფხულში ნუ დაელოდებით ბოლომდე გაციებას)

- სეზონური საკვები პროდუქტების გაყინვა ყოველთვის შეგიძლიათ, რადგან სასარგებლო თვისებები ნარჩუნდება საკვების გალღობის შემდეგ, მოერიდეთ მის ხელახლა გაყინვას

იმისათვის, რომ გაგიმარტივდეთ კვების რაციონის სასარგებლო პროდუქტებით შევსება და ასევე, შეძენილი პროდუქტები მაქსიმალურად გამოიყენოთ, გიზიარებთ რჩევებს, რომელთა გათვალისწინებითაც შეგვიძლია ჩვენი საკვები პროდუქტების ვარგისიანობის გახანგრძლივება და საზიანო ბაქტერიებისაგან დაცვა:


რძის პროდუქტები შეინახეთ მაცივრის სიღრმეში - მაცივრის უკანა კედელი უფრო ცივი ადგილია, ვიდრე წინა მხარე. ამიტომ, რეკომენდაციის მიხედვით, იმისათვის, რომ რძის პროდუქტები მალე არ გაფუჭდეს, უმჯობესია თუ მაცივრის სიღრმეში შევინახავთ.


უმი ხორცი შეინახეთ მაცივრის ქვედა თაროზე - ხორცი განსაკუთრებული ყურადღებით მოითხოვს შენახვას, რადგან სითხის გავრცელების შემთხვევაში, მაღალია სახიფათო ბაქტერიების გავრცელების საფრთხე. ამიტომ, სასურველია ხორცი სუფთა კონტეინერში (და არა პოლიეთილენის პარკში) ინახებოდეს მაცივრის ქვედა თაროზე. ასევე, უმჯობესი იქნება, თუ დაჭრილი ხორცის ნაჭრებს ერთმანეთისგან განცალკევებით მოათავსებთ კონტეინერებში და ისე შეინახავთ.


სალათის ფოთლების ყველა სახეობას შენახვის საერთო წესი აქვს - ყველანაირი სახეობის საკვები ფოთლები, შეძენის შემდეგ გარეცხეთ, გააშრეთ, გარშემო შემოახვიეთ ხელსაწმედი და ისე მოათავსეთ საკვებ პარკში. ამ გზით, ფოთლები შეინახება ჯანსაღ მდგომარეობაში და შეამცირებთ მათ ზედაპირზე ლორწოვანი ნარჩენების დაგროვებას.


მწვანილები შეინახეთ ყვავილებივით - ნებისმიერი სახეობის მწვანილს, მწვანე ხახვს და სატაცურს შეგიძლიათ ოდნავ მოაჭრათ ღერო და ამ მხრიდან მოათავსოთ წყლიან ჭიქაში, ხოლო შემდეგ მაცივარში. ასე, მწვანილები უფრო დიდხანს გაძლებს და შეინარჩუნებს ცოცხალ არომატს და საკვებ თვისებებს.


ყველა სახეობის ხილს და ბოსტნეულს მაცივარში შენახვა არ სჭირდება - ავოკადო, ციტრუსი, მსხალი, ატამი, ხახვი, პომიდორი და კარტოფილი კარგად ინახება ოთახის ტემპერატურაზე, გრილ და ბნელ ადგილას. გაითვალისწინეთ, რომ კარტოფილისა და ხახვის ერთად შენახვამ შესაძლოა ისინი მალე გააფუჭოს, ამიტომ, უმჯობესი იქნება, თუ მათ ცალ-ცალკე სივრცეებში მოათავსებთ. ასევე, თუ ავოკადო დამწიფებული არ არის, ჯობია ოთახის ტემპერატურაზე შეინახოთ და თუ დამწიფებისას მალევე არ გეგმავთ მის გამოყენებას, შემდეგ გადაიტანოთ მაცივარში, რომ გადამწიფებისგან დაიცვათ. 


ნუ გარეცხავთ ხილს და ბოსტნეულს წინასწარ - (სალათის ფურცლებისა და მწვანილის გარდა) თუ აქამდე მაცივარში გარეცხილი პროდუქტების მოთავსება გერჩივნათ, გაითვალისწინეთ, რომ ნესტიან პროდუქტზე ობი უფრო მარტივად ჩნდება, შესაბამისად, გარეცხილი საკვები უფრო ადვილად ფუჭდება, რა თქმა უნდა თუ ძალიან კარგად არ გავამშრალებთ მაცივარში მოთავსებამდე. პროდუქტების გაფუჭებას თავიდან ავირიდებთ, თუ ხილსა და ბოსტნეულს ყიდვისას პირდაპირ შევინახავთ და მხოლოდ გამოყენების წინ გავრეცხავთ.


ყვავილოვანი კომბოსტო და ბროკოლი შეგიძლიათ შემწვარი შეინახოთ - იცოდით რომ ყვავილოვანი კომბოსტო და ბროკოლი ცოტათი შემწვარ მდგომარეობაში უფრო დიდ ხანს ინახება? ამ მეთოდის გამოყენებით, საჭმლის მომზადებისას საქმის ნაწილი უკვე შესრულებული გექნებათ და პირდაპირ შეძლებთ შემწვარი ბოსტნეულის კერძში გამოყენებას.


ამ და სხვა, მარტივად შესასრულებელი ჩვევების გამომუშავებით, თქვენს ბიუჯეტსაც გაუფრთხილდებით და სწორად დახარისხებული პროდუქტების გამოყენებასაც უფრო მარტივად და მეტი ხალისით შეძლებთ.

გამოქვეყნების თარიღი: 05 აგვისტო, 2022წ
ავტორი

Bloomin.ge

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები