ჭარხალი – ორგანიზმის უძლიერესი ბუნებრივი გამწმენდი

ჭარხალი – ორგანიზმის უძლიერესი ბუნებრივი გამწმენდი

ჭარხალი ბოლქვოვანი კულტურაა, რომლის წარმოშობის ადგილად ხმელთაშუაზღვისპირეთი მიიჩნევა. თუმცა, უძველეს საბერძნეთსა და რომში მხოლოდ ჭარხლის ფოთლებს მიირთმევდნენ და სწორედ ამისთვის მოჰყავდათ ეს ბოსტნეული. თავად ფესვების გამოყენება კი –  XVI საუკუნეში დაიწყეს, გერმანიისა და იტალიის მიმდებარე ტერიტორიებზე.

დღესდღეობით ჭარხალი მსოფლიოს გარშემო მზარდი პოპულარობით სარგებლობს და ერთგვარ „სუპერფუდადაც“ კი ითვლება. ის ძალიან დაბალკალორიული, მაგრამ, იმავდროულად, მდიდარია ძლიერი ანტიოქსიდანტებით. ჭარხალი ორგანიზმის მიერ რკინის შეთვისებასაც უწყობს ხელს. ძალიან სასარგებლოა ჭარხლის ფოთლებიც, რომლებიც გაჯერებულია კალციუმით, რკინითა და A ვიტამინით.

გთავაზობთ ცხრილს, რომელშიც ნაჩვენებია 100 გ ჭარხლის კვებითი ღირებულება:

კალორია 43
წყალი 88%
უჯრედისი 2 გ
ცილა 1,7  გ
ნახშირწყლები 9,6 გ
შაქარი 6,8 გ
ცხიმი 0,2 გ
A ვიტამინი დღიური ნორმის 0,7 %
C ვიტამინი დღიური ნორმის 6 %
კალციუმი დღიური ნორმის 1,2 %
რკინა დღიური ნორმის 4,4 %
კალიუმი დღიური ნორმის 9 %

ცხრილში ჩამოთვლილი ვიტამინების გარდა, ჭარხალი ასევე შეიცავს ფოლიუმს (ვიტამინი B9), რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს დნმ-ის სინთეზსა და რეპარაციაში. ფოლიუმის მიღება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორსული ქალებისთვის, რადგან ის ნაყოფის ნერვული მილის დეფექტების განვითარების რისკს ამცირებს.

განვიხილოთ ჭარხლის დადებითი თვისებების არასრული, თუმცა შთამბეჭდავი ჩამონათვალი:

წარმოადგენს ტოქსინებისგან ორგანიზმის ერთ-ერთ უძლიერეს გამწმენდს

ჭარხალი მდიდარია ფიტონუტრიენტ ბეტალაინით, რომელსაც ახასიათებს ანტიოქსიდანტური, ანთების საწინააღმდეგო და დეტოქს თვისებები. ჭარხლის წვენი ღვიძლის, თირკმელებისა და ნაღვლის ბუშტის ერთ-ერთ ნომერ პირველ გამწმენდად ითვლება. გარდა ამისა, ის ასუფთავებს და აუმჯობესებს სისხლის შემადგენლობას.

აფართოებს და ადუნებს სისხლძარღვებს

ჭარხლის წვენი ხელს უწყობს სისხლძარღვების გაფართოებას და ჟანგბადის თავისუფალ მიწოდებას სხვადასხვა ორგანოებისთვის. შედეგად თ,ქვენ თავს უფრო ენერგიულად და აქტიურად გრძნობთ. სწორედ ამიტომ, დილის ჭიქა ჭარხლის წვენით დაწყება არაჩვეულებრივი იდეაა. ის ძალიან სასარგებლოა სპორტსმენებისთვის, რადგან კუნთებისთვის ჟანგბადის მიწოდებას უწყობს ხელს და მათ მოსალოდნელი დატვირთვისთვის ამზადებს. ასევე ცნობილია, რომ ჭარხლის წვენი ვარჯიშით გამოწვეული კუნთების ტკივილის შემსუბუქებისთვის ეფექტური საშუალებაა.

არეგულირებს მაღალ არტერიულ წნევას

ჭარხლის წვენის მიღება მაღალ არტერიულ წნევას ამცირებს. მეცნიერების დაკვირვებით, ეს შედეგი საკმაოდ სწრაფად, წვენის დალევიდან სულ რამდენი საათშიც კი ხდება შესამჩნევი. ამის გამომწვევი მიზეზი კი ის არის, რომ ჭარხლის შემადგენლობაში ჭარბად შემავალი აზოტი მომნელებელი სისტემის მიერ აზოტის მონოქსიდად გარდაიქმნება. ეს, თავის მხრივ, სისხლძარღვების მოდუნებას და გაფართოებას იწვევს, რაც ხელს უწყობს მაღალი არტერიული წნევის შემცირებას.

აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას

ჭარხალი მდიდარია მცენარეული უჯრედისით. სწორედ ამიტომ, ჭარხლის წვენი არეგულირებს მომნელებელი სისტემის მუშაობას და ხელს უწყობს შეკრულობის პრობლემის მოგვარებას. გარდა ამისა, ჭარხალი შეიცავს ბეტაინს, რომელიც კუჭის მჟავიანობას არეგულირებს.

საინტერესო ფაქტები ჭარხლის შესახებ:

ნაბახუსევზე ჭარხლის წვენი არაჩვეულებრივი საშუალებაა დეტოქსისთვის და ორგანიზმის საჭირო ელექტროლიტებით მომარაგებისთვის. ჭარხლის წვენს ორგანიზმიდან ალკოჰოლით მიღებული ტოქსინების გამოდევნა შეუძლია. გარდა ამისა, ის მოგამარაგებთ კალიუმით, მანგანუმითა და მაგნიუმით, რაც თქვენს სხეულს ძალების აღდგენაში დაეხმარება.

ჭარხლისგან მზადდება ძალიან არომატული ღვინო. ჭარხლის ღვინო აფრიკული წარმოშობისაა.

გამოქვეყნების თარიღი: 28 აპრილი, 2021წ

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები