ნიორი - საკვები თუ წამალი?

ნიორი შროშანისებრთა ოჯახს მიეკუთვნება და მსოფლიოს ერთ-ერთ უძველეს კულტურას წარმოადგენს. ის პირველად დაახლოებით 5 000 წლის წინ მოიყვანეს. საკვები და სამედიცინო დანიშნულებით ნიორი აქტიურად გამოიყენებოდა ძველ ეგვიპტეში, ჩინეთსა და ინდოეთში.

დღესდღეობით ნიორი უმეტესწილად გამოიყენება კულინარიაში, სხვადასხვა კერძისთვის არომატის მისანიჭებლად. თუმცა, მისი თავდაპირველი გამოყენება და ძირითადი ღირებულება სამედიცინო ხასიათის იყო. ცნობილია, რომ თავად „მედიცინის მამად“ წოდებული ჰიპოკრატეც კი ხშირად იყენებდა ნიორს, ისეთი დაავადებების მკურნალობისას, როგორებიცაა: სასუნთქი გზების დაავადებები, საჭმლის მონელებასთან დაკავშირებული პრობლემები, პარაზიტებით პროვოცირებული დაავადებები და ა.შ.

ნიორს საკმაოდ მაღალი კვებითი ღირებულება აქვს. 3 გ ნიორი შეიცავს:

C ვიტამინის დღიური ნორმის 1%-ს;

B6 ვიტამინის დღიური ნორმის 2%-ს;

მანგანუმის დღიური ნორმის 2%-ს;

სელენის დღიური ნორმის 1%-ს;

0,06 გ უჯრედისს;

გარდა ამისა, ნიორი შეიცავს კალციუმს, ფოსფორს, B1 ვიტამინს, კალიუმს, სპილენძსა და რკინას.

გავეცნოთ, თუ რა ჯანმრთელობის სარგებლის მოტანა შეუძლია ნიორს:

ამცირებს არტერიულ წნევას

მსოფლიოში სიკვდილიანობის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზი გულ-სისხლძარღვთა დაავადებებია. ამის ერთ-ერთი ძირითადი გამომწვევი მიზეზი არტერიული ჰიპერტენზიაა (მაღალი არტერიული წნევა). არაერთი მეცნიერული კვლევით დასტურდება, რომ ნიორს შეუძლია მნიშვნელოვნად შეამციროს არტერიული წნევა. ყოველდღიურად დაახლოებით 4 კბილი ნივრის მიღებას, შეუძლია გრძელვადიან პერიოდში ისეთივე ეფექტურობით ებრძოლოს ჰიპერტენზიას, როგორც სპეციალურად მაღალი არტერიული წნევის რეგულირებისთვის განკუთვნილი წამლების მიღებას.

აძლიერებს იმუნურ სისტემას

12 კვირიან კვლევაზე დაყრდნობით, მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ნივრის შემცველი საკვები დანამატის ყოველდღიური მიღება დაახლოებით 63%-ით ამცირებს გაციების რისკს. გარდა ამისა, ყოველდღიურად დაახლოებით 2.5 გ ნივრის ექსტრაქტის მიღება გაციებით ან ვირუსით გამოწვეული ავადმყოფობის  ხანგრძლივობას 61%-ით ამცირებს.

აფერხებს ტვინის დაავადებების განვითარების რისკს

თავისუფალი რადიკალებით გამოწვეული ქსოვილების ჟანგვითი დაზიანება ხელს უწყობს ორგანიზმის დაბერების პროცესს. ნიორი მდიდარია ანტიოქსიდანტებით, რომლებიც თავისუფალ რადიკალებს ებრძვიან. ნივრის ანტიოქსიდანტური და არტერიული წნევის მარეგულირებელი თვისებები, ერთობლივად ებრძვიან ტვინის ისეთი დაავადებების განვითარების პროცესს, როგორებიცაა დემენცია, პარკინსონისა და ალცჰაიმერის დაავადებები.

ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება

ნივრის ზეთი ძლიერი ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით ხასიათდება. თუ თქვენს კუნთებსა და მყესებში ანთებითი პროცესები მიმდინარეობს, დაიტანეთ შესაბამის ადგილას ნივრის ზეთი. ართრიტის ორგანიზაციის რეკომენდაციაა ნივრის ზეთის გამოყენება ართრიტით გამოწვეული ხრტილოვანი დაზიანებების პრევენციის მიზნითაც.

ამცირებს ქოლესტერინის დონეს

5 თვიან კვლევაზე დაყრდნობით, მეცნიერთა გარკვეული ჯგუფი მივიდა დასკვნამდე, რომ გრძელვადიან პერიოდში, ნივრის და ნივრის შემცველი საკვები დანამატების ყოველდღიურ მიღებას, შეუძლია ორგანიზმში ქოლესტერინის მაჩვენებელი შეამციროს. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ამ შემთხვევაში, ქოლესტერინის დონის მხოლოდ მცირედით შემცირება არის შესაძლებელი.

მიუხედავად ნივრის დადებითი თვისებების ძალიან შთამბეჭდავი ჩამონათვალისა, მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ ის ძლიერ ნერვულ სტიმულანტს წარმოადგენს. შეიძლება შეგინიშნავთ კიდევაც, რომ თუ ისეთ საკვებს მიირთმევთ, რომელიც ბევრ ნიორს შეიცავს, მეტად ლეთარგიული ხდებით და თითქოს მთელი დღის მანძილზე გეძინებათ. სწორედ ამიტომ, იოგურ კულტურაში ნივრის მხოლოდ სამკურნალო დანიშნულებით გამოყენებას მიესალმებიან და არა, როგორც საკვები ინგრედიენტის. ნიორი შედის ნეგატიური პრანის საკვების კატეგორიაში. ამ კატეგორიაში შემავალი საკვები ენერგიის მატების ნაცვლად, გართმევთ მას.

გამოქვეყნების თარიღი: 09 აპრილი, 2021წ

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები