რა ვიტამინები უნდა მივიღოთ ზამთარში

რა ვიტამინები უნდა მივიღოთ ზამთარში

იმუნიტეტის  გაძლიერება, ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ყოველ ზამთრის სეზონზე აქტუალურია. თუმცა, პანდემიის პირობებში, ეს საკითხი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. სამწუხაროდ, Covid 19-ის შემთხვევაში, თავის დაცვის განსაკუთრებული ფორმულა არ არსებობს. ჯანდაცვის ექსპერტები გვირჩევენ  ზუსტად ისე ვიზრუნოთ იმუნიტეტის ამაღლებასა და საჭირო ნუტრიენტებისა და ვიტამინების მიღებაზე, როგორც ნებისმიერი სხვა ვირუსისგან თავის დაცვისას მოვიქცეოდით. მსოფლიოში არსებული სტრესული ვითარების გამო, იმუნიტეტის ამაღლებასთან ერთად, განწყობაზე ზრუნვაც მნიშვნელოვანია.

შემოგთავაზებთ იმ ვიტამინებისა და ნუტრიენტების სიას, რომელთა მიღება ზამთარში აუცილებელია, რათა უფრო ჯანმრთელნი იყოთ და განწყობაც აგიმაღლდეთ:

ვიტამინი. ზამთრის სუსხიან დღეებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია C ვიტამინის საკმარისი რაოდენობის მიღება, რადგან ამ ვიტამინის ნაკლებობის შემთხვევაში, თქვენს ორგანიზმს ბაქტერიების მოგერიება გაუჭირდება. თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ  C ვიტამინს არ შეუძლია სრულად დაგიცვათ გაციებისგან, მაგრამ შეუძლია თქვენი ავადმყოფობის მიმდინარეობის ხანგრძლივობის შემცირება. C ვიტამინით განსაკუთრებით მდიდარია ტკბილი წიწაკა (ერთი საშუალო ზომის ტკბილი წიწაკა C ვიტამინის დღიური ნორმის 169%-ს შეიცავს!), ციტრუსოვანი კულტურები, ბროკოლი, კეილი, ფოთლოვანი ბოსტნეული და კენკროვანი ხილი.

ჯგუფის ვიტამინები. B ჯგუფის ვიტამინები, განსაკუთრებით კი B6, B9 და B12 ვიტამინები ადამიანის ორგანიზმისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და პასუხისმგებელია სისხლის უჯრედებისა და ნერვული სისტემის ფორმირებაზე. გარდა ამისა, B ჯგუფის ვიტამინები საკვებიდან მიღებული პროტეინების სეროტონინად და დოპამინად გარდაქმნას უზრუნველყოფს. ამ ე.წ. “ბედნიერების ჰორმონების” წარმოქმნა კი ზამთრის ცივსა და ბნელ დღეებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თქვენი კარგად ყოფნისთვის. B ჯგუფის ვიტამინებით მდიდარი საკვებია: პარკოსანი კულტურები, რძის ნაწარმი, თევზი, კვერცხი, ისპანახი, კეილი, სპირულინა, ნორი, თხილეული და თესლები, ბურღულეული, ბანანი, ავოკადო. იქიდან გამომდინარე, რომ B12 ვიტამინი მცენარეული წარმოშობის პროდუქტებში ფაქტობრივად არ გვხვდება, თუ ხორცს არ მიირთმევთ, მნიშვნელოვანია შეამოწმოთ თქვენს ორგანიზმში B12-ის დონე და, საჭიროების შემთხვევაში, საკვები დანამატის სახით მიიღოთ ის.

ვიტამინი. A ვიტამინი (რეტინოლი) წარმოადგენს ძლიერ ანტიოქსიდანტს. ის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კანის, მხედველობისა და სხეულის ზრდის პროცესის უზრუნველყოფისთვის. A ვიტამინის საკმარისი რაოდენობის მიღება აუცილებელია ზამთარში, რადგან მისი ნაკლებობა ორგანიზმის იმუნურ რეაქციას ასუსტებს და ზრდის ინფექციის განვითარების რისკს. A ვიტამინით მდიდარი საკვებია: სტაფილო (100 გრ სტაფილო A ვიტამინის დღიური ნორმის 95% შეიცავს), გოგრა, ტკბილი კარტოფილი, ისპანახი, სალათის ფურცელი, ტკბილი წიწაკა, გრეიპფრუტი, ბროკოლი.

 

ვიტამინი. D ვიტამინი წარმოადგენს პროჰორმონს, რომელიც ადამიანის კანზე მზის სხივების ზემოქმედების შედეგად წარმოიქმნება. ბუნებრივია, ზამთარში D ვიტამინის წარმოქმნა ნაკლებად ხდება, რაც ასევე აისახება თქვენს განწყობაზე. ამიტომ, როგორც კი შემოდგომისა და ზამთრის ცივ დღეებში მზე გამოანათებს, მაშინვე გამოიყენეთ შანსი და მიეფიცხეთ მას. გარდა ამისა, მიიღეთ D ვიტამინით მდიდარი საკვები, როგორებიცაა რძის ნაწარმი, კვერცხი, თევზი და სოკო.

რკინა. ზამთარში მნიშვნელოვანია რკინით მდიდარი პროდუქტების მიღება, რადგან ორგანიზმი რკინას ჰემოგლობინად გარდაქმნის, ჰემოგლობინი კი უზრუნველყოფს უჯრედებისთვის ჟანგბადის მიწოდებას და სხეულის ტემპერატურის რეგულირებას. ასე რომ, თუ ზამთრის ცივ დღეებში ხელები და ფეხები მარტივად გეყინებათ, თავის ტკივილები და მოთენთილობა გაწუხებთ, სასურველია ექიმს მიაკითხოთ, რადგან შესაძლოა ორგანიზმში რკინის ნაკლებობა გქონდეთ. რკინით მდიდარი პროდუქტებია: თევზი, ისპანახი, გოგრის თესლები, ქინოა, ბროკოლი, ტოფუ, შავი შოკოლადი, პარკოსანი კულტურები, ბროკოლი.

ვიტამინი – ზოგადად, E ვიტამინის ნაკლებობა ძალიან იშვიათად იჩენს თავს ორგანიზმში. E ვიტამინი მნიშვნელოვანია ზამთარში კანის ჯანმრთელობისთვის. ის გიცავთ კანის გამოშრობისა და გაღიზიანებისგან და წარმოადგენს ძალიან ძლიერ ანტიოქსიდანტს. E ვიტამინით მდიდარი საკვებია: ხორბლის, ნუშის, თხილისა და მზესუმზირის ზეთები, თხილეული და თესლები, ავოკადო, კივი, მანგო.

გახსოვდეთ, რომ საკვები თქვენი სხეულის საწვავია. რაც უფრო კარგ საწვავს გამოიყენებთ, მით უფრო ოპტიმალურად იფუნქციონირებს თქვენი „მანქანა“. მნიშვნელოვანია, ზამთრის სეზონზე ორგანიზმისთვის საჭირო ვიტამინებითა და ნუტრიენტებით გამდიდრებული „საწვავი“ მიიღოთ.

გამოქვეყნების თარიღი: 07 დეკემბერი, 2020წ

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები