გლუტენი: მითები და რეალობა

გლუტენი მარცვლეულთა უმრავლესობაში შემავალი ე.წ. „რთული ცილაა“. მას შეიცავს ხორბალი, ჭვავი, ქერი, ალაო, კუსკუსი, შვრია და ა.შ. წებოვანების ხარჯზე გლუტენი საკვებს ფორმის შენარჩუნებას უზრუნველყოფს. ბოლო დროს, სხვადასხვა საკვების შეფუთვაზე ხშირად შეგხვდებათ წარწერა: „არ შეიცავს გლუტენს“. ასეთი პროდუქტების ფასი, უმეტესწილად, საკმაოდ მაღალია.

შემოგთავაზებთ სხვადასხვა გავრცელებულ მითს და რეალობას გლუტენის შესახებ, რათა უკეთ გავიგოთ რამდენად მავნეა თუ უვნებელია ის ორგანიზმისთვის.

მითი: გლუტენის შემცველი საკვები მავნეა თქვენი ჯანმრთელობისთვის.

სინამდვილეში, გლუტენის შემცველი საკვები არ უნდა მიიღოთ იმ შემთხვევაში, თუ გაწუხებთ ცელიაკია, ალერგია ხორბლის პროდუქტებზე ან, უბრალოდ, არასასიამოვნო შეგრძნებები გაქვთ მისი მიღების შემდეგ. ცელიაკია წარმოადგენს სერიოზულ ავტოიმუნურ დაავადებას, რომლის დროსაც გლუტენის შემცველი საკვების მიღებისას, თქვენი იმუნური სისტემა თავს ესხმის თქვენსავე ქსოვილებს, რაც სწორი ნაწლავის დაზიანებას იწვევს.

ჰარვარდის კვლევის თანახმად, თუ გლუტენის შემცველი საკვების მიღება უპრობლემოდ შეგიძლიათ, ამჟამად არ არსებობს სამედიცინო მტკიცებულება იმისა, რომ გლუტენის რაციონიდან ამოღებამ შეიძლება თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა გააუმჯობესოს.

მითი: გლუტენის შემცველი საკვების რაციონიდან ამოღება წონის დაკლებაში დაგეხმარებათ.

მიიჩნევენ, რომ საკვები, რომელიც გლუტენს არ შეიცავს, უფრო მდიდარია მინერალებით და ვიტამინებით. სინამდვილეში, გლუტენის შემცველი საკვები ნაკლებ ბოჭკოს და მეტ შაქარსა და ცხიმებს შეიცავს. ეს კი, ხშირ შემთხვევაში, პირიქით – წონის მატებას იწვევს.

რა თქმა უნდა, თუ გლუტენის შემცველ საკვებს ჩაანაცველბთ ხილით და ბოსტნეულით, წონაში დაიკლებთ. მაგრამ თუ მას უბრალოდ უგლუტენო ალტერნატივით ჩაანაცვლებთ, მაშინ მსგავს შედეგს ვერ მიიღებთ.

მითი: წარწერა „არ შეიცავს გლუტენს“ ნიშნავს, რომ პროდუქტი ნამდვილად ჯანსაღია.

სულ უფრო ხშირად გვხვდება საკვები პროდუქტები წარწერით – „არ შეიცავს გლუტენს“. თუმცა, ამ პროდუქტების უმრავლესობა გენეტიკურად მოდიფიცირებულ ინგრედიენტებს შეიცავს და გადამუშავებულ საკვებს წარმოადგენს. სინამდვილეში, თუ გლუტენის მიმართ მგრძნობელობა გაწუხებთ, ასეთი პროდუქტები ხელს უშლის გლუტენის მიერ თქვენი ორგანიზმისთვის ზიანის მიყენებას. დააკვირდით თითოეული პროდუქტის შემცველობას და მხოლოდ შეფუთვაზე მიწერილმა სიტყვებმა – „არ შეიცავს გლუტენს“, შეცდომაში არ შეგიყვანოთ.

რეალობა: გლუტენის მიმართ მგრძნობელობა მოსახლეობის მცირე ნაწილს აწუხებს.

მაგალითისთვის, გლუტენის მიმართ მგრძნობელობა აშშ-ს მოსახლეობის 6-7% აწუხებს, ცელიაკია – 1%-ს. საქართველოსთვის, სამწუხაროდ, მსგავსი სტატისტიკა არ არსებობს.

რეალობა: გლუტენის შემცველი საკვების მიღებით თქვენ პროტეინს იღებთ. 

როგორც ვთქვით, გლუტენი ცილას წარმოადგენს, შესაბამისად – მისი მიღებით მეტ პროტეინს მიიღებთ.

რეალობა: იმისთვის რომ დაადგინოთ გაწუხებთ თუ არა ცელიაკია, არ უნდა შეწყვიტოთ გლუტენის შემცველი საკვების მიღება.

თუ ეჭვობთ, რომ ცელიაკია ან გლუტენის მიმართ მომატებული მგრძნობელობა გაწუხებთ, არ შეწყვიტოთ გლუტენის შემცველი საკვების მიღება. ანალიზების შედეგად სწორი მიზეზების დადგენისთვის  მნიშვნელოვანია გლუტენს რეგულარულად იღებდეთ. თანაც, შესაძლოა, თქვენს სიმპტომებს რეალურად სულ სხვა საკვები კომპონენტი იწვევდეს. ასე რომ, უმჯობესია ჯერ გამოკვლევები ჩაიტაროთ და მხოლოდ შემდეგ ამოიღოთ რაციონიდან რომელიმე საკვები.

რეალობა: გლუტენს შესაძლოა თქვენი კოსმეტიკური და კანის მოვლის საშუალებებიც შეიცავდეს.

ხშირ შემთხვევაში, ადამიანები ყურადღებას მხოლოდ ჯანსაღად კვებას უთმობენ. სინამდვილეში თქვენი ორგანიზმისთვის მავნე ნივთიერებები შესაძლოა თქვენს სხეულში კოსმეტიკური საშუალებების გამოყენების გზითაც მოხვდეს. თუ გლუტენის მიმართ მგრძნობელობა გაწუხებთ, მაშინ გაითვალისწინეთ, რომ სხვადასხვა კოსმეტიკური (მაგალითისთვის – პომადა) და კანის მოვლის საშუალებები საკმაოდ ხშირად შეიცავენ გლუტენს.

შევაჯამოთ.

- თუ გაწუხებთ კუჭის აშლილობა, უმადობა, წონის მოულოდნელი კლება, მუცლის ტკივილი ან შებერილობა, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს და გამოიკვლიეთ ხომ არ გაქვთ ცელიაკია ან მომატებული მგრძნობელობა გლუტენის ან სხვა საკვები კომპონენტების მიმართ.

- თუ თავს ჯანმრთელად გრძნობთ და არ გაწუხებთ საჭმლის მონელებასთან დაკავშირებული პრობლემები, შეგიძლიათ სიამოვნებით განაგრძოთ გლუტენის შემცველი საყვარელი საკვების მიღება.

ნუ შეიზღუდავთ თავს, თუ ამის სამედიცინო საჭიროება არ არსებობს.

გამოქვეყნების თარიღი: 15 სექტემბერი, 2020წ

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები