დავიცვათ თავი ვირუსებისგან ანუ როგორ გავიძლიეროთ იმუნიტეტი?

დავიცვათ თავი ვირუსებისგან ანუ როგორ გავიძლიეროთ იმუნიტეტი?

ადამიანებს ყოველწლიურად უწევთ სეზონურ ვირუსებთან გამკლავება. წელს განსაკუთრებით რთული პრობლემა კორონავირუსმა გამოიწვია.

იმისთვის, რომ მაქსიმალურად ხელი შეეშალოს ვირუსის გავრცელებას, თითქმის მთელი მსოფლიო თვითიზოლაციის რეჟიმზე გადავიდა. თუმცა, სახლიდან საერთოდაც რომ არ გავიდეთ, იმუნიტეტის ამაღლებაზე ზრუნვა მაინც აუცილებელია. მართალია, თვითიზოლაციას ბევრი დადებითი მხარე აქვს, მაგრამ არსებობს ხანგრძლივ იზოლაციასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის რისკებიც.

სწორედ ამიტომ, შემოგთავაზებთ მარტივ რჩევებს იმუნიტეტის გასაძლიერებლად, რაც დაგეხმარებათ ნებისმიერი ვირუსისგან თავის დაცვის დროს:

ფიზიკური ვარჯიში. კვლევების თანახმად, თუ დიდი ხნის მანძილზე ჰაერზე არ გავალთ, და სახლში, ან სამსახურში დროს უმოძრაოდ გავატარებთ, ამან შესაძლოა დააქვეითოს ჩვენი იმუნიტეტი და უარყოფითად იმოქმედოს გულის მუშაობაზე. თვითიზოლაციის დროს, ან თუნდაც ოფისში მუშაობის პირობებში, ფიზიკური ვარჯიში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ინტერნეტში შეგიძლიათ იპოვოთ  მრავალფეროვანი, ჯამრთელობისთვის სასარგებლო ვარჯიშები. თუ დღეში 20 წუთს მაინც დაუთმობთ ფიზიკურ ვარჯიშს, ეს ძალიან დადებითად აისახება თქვენს ჯანმრთელობაზე.

სტრესის შემცირება. მეცნიერულად დადასტურებულია, რომ სტრესი ასუსტებს იმუნიტეტს. დაავადებების უმრავლესობა ფსიქოსომატური ხასიათისაა. ასე, რომ გაუფრთხილდით ნერვებს. ეცადეთ მინიმუმამდე დაიყვანოთ ნეგატიური ინფორმაციის მიღება, არ შეხვიდეთ კონფლიქტურ სიტუაციებში, მიმართეთ სხვადასხვა ტექნიკებს, რომელიც  სიმშვიდის და კარგი ხასიათის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ. ასეთია, მაგალითად, იოგა, ან მედიტაცია. იმუნიტეტის ასამაღლებად სასარგებლოა იოგას ისეთი პრაქტიკების გამოყენება, რომლებიც სხეულის ტემპერატურას ზრდის და ორგანიზმში სიმხურვალეს გამოიმუშავებს.

ვიტამინების მიღება. იმუნიტეტის ასამაღლებლად მნიშვნელოვანია სხვადასხვა ჯგუფის ვიტამინებით მდიდარი საკვების მიღება. მაგალითისთვის, C ვიტამინი საუკეთესოა იმუნიტეტის ასამაღლებლად, ვიტამინი B6 – იმუნურ სისტემაში სხვადასხვა ბიოქიმიურ რეაქციებს უწყობს ხელს, ვიტამინი E – ინფექციებს ებრძვის.

C ვიტამინის შემცველი საკვებია: ციტრუსი, მარწყვი, ყველა სახის ტკბილი წიწაკა, ბროკოლი, ისპანახი, ყვავილოვანი კომბოსტო, ტკბილი კარტოფილი, პომიდორი, ოხრახუში, კივი, ბრიუსელის კომბოსტო, ბროწეული.

B6 ვიტამინის შემცველი საკვებია: მწვანე ბოსტნეული, მუხუდო, შვრია, ყავისფერი ბრინჯი, ტოფუ, ბანანი, ავოკადო, ჯანჯაფილი.

E ვიტამინის შემცველი საკვებია: ისპანახი, სხვადასხვა თხილეული და თესლი.

ანთებითი პროცესების ხელშემწყობი საკვების შემცირება. ზოგიერთი საკვები პროდუქტი ხელს უწყობს სხეულში ანთებითი პროცესების მიმდინარეობას. უნდა ვეცადოთ ასეთი საკვების რაოდენობა მკვეთრად შევამციროთ ან, თუ შესაძლებელია, საერთოდ ამოვიღოთ რაციონიდან. ესენია: თეთრი შაქარი, ალკოჰოლი, დამუშავებული ხორცი (ძეხვი, სოსისი და სხვა), ხელოვნური ცხიმები (ხელოვნურ ცხიმებს შეიცავს მარგარინი, კრეკერები, ბისკვიტები, ნამცხვრები, გაყინული ცომიანი პროდუქტები და სხვა), რაფინირებული ზეთები (სიმინდის, ყურძნის და სოიოს ზეთები).

ხალხური მეთოდები. მნიშვნელოვანია დააკვირდეთ საკუთარ სხეულს და მის რეაქციებს. გაციების პირველივე სიმპტომების შემჩნევისას შეგიძლიათ სხვადასხვა ხალხურ მეთოდს მიმართოთ. მაგალითად, ყელის ტკივილის შემთხვევაში სასარგებლოა დღეში რამდენჯერმე, საკვების მიღებამდე, თბილი, მარილიანი წყლის გამოვლება; ასევე, თაფლის და კურკუმას ერთმანეთში არევა და უზმოზე და ძილის წინ მიღება.

შევაჯამოთ.

იმუნიტეტის ამაღლებისთვის, საჭიროა კომპლექსური მიდგომა, რაც მოიცავს როგორც გონებისა და სხეულის გამაჯანსაღებელ პრაქტიკებს და ვარჯიშებს, ასევე ვიტამინებით მდიდარი საკვების მიღებასა და არაჯანსაღი საკვების რაციონიდან ამოღებას. აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ იმუნიტეტის გაძლიერება არ ხდება ერთ დღეში – ამას შეიძლება რამდენიმე კვირაც დასჭირდეს.

ამიტომაა აუცილებელი საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა დღესვე დავიწყოთ!

გამოქვეყნების თარიღი: 24 მარტი, 2020წ

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები