როგორ მივიღოთ მეტი ენერგია და ვიყოთ მუდამ ფორმაში

როგორ მივიღოთ მეტი ენერგია და ვიყოთ მუდამ ფორმაში

არსებობს სამი ტიპის საკვები: დადებითი, უარყოფითი და ნეიტრალური. დადებითი საკვები გმატებთ ენერგიას ჭამის შემდეგ; უარყოფითი – გართმევთ; ნეიტრალური კი – არც გართმევთ და არც გმატებთ.

ძალიან მომწონს ერთი გამონათქვამი – Energy is delight (William Blake). ზუსტად ასეა. ქართულად ალბათ მიახლოებით ასე იქნება – ენერგია არის ხალისი. რაც უფრო მეტი ენერგია გაქვთ, მით უფრო მეტი რამის გაკეთება შეგიძლიათ. უენერგიობა ნიშნავს არაფრის გაკეთების სურვილს; ერთგვარი დეპრესიული განწყობაა. ენერგია არის სიცოცხლისუნარიანობა და სილაღე. ენერგიულობა არ ნიშნავს მოუსვენრობას და უაზრო მოქმედებას. შეიძლება სრულიად მარტივი მოქმედებაც კი, ინტენსიური ენერგიით შეასრულო.

ჩვენ გვინდა რომ ენერგია დავხარჯოთ იმაში, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია ან მოგვწონს. ანუ სწორად გამოვიყენოთ. რა თქმა უნდა რაც უფრო მეტი ენერგია გვაქვს, მით უკეთესი. როგორც ზევით უკვე აღვნიშნეთ, იმის მიხედვით თუ რა ტიპის საკვებს ვიღებთ ენერგიას ან გამოვიმუშავებთ ან ვკარგავთ. ეს კატეგორიები შემდეგნაირად კლასიფიცირდება:

უარყოფითი – ნებისმიერი სახის ხორც–პროდუქტები, ზღვის პროდუქტები და კვერცხი. ხორცი რეალურად მკვდარი ცხოველის ლეშია. მის მონელებას საკმაოდ დიდი დრო სჭირდება და შესაბამისად ბევრ ენერგიას ართმევს ორგანიზმს. სანაცვლოდ კი არაფერს იღებთ.

დადებითი – ცოცხალი ბოსტნეული, ხილი, ჩირი. ასეთ საკვებს თუ მიირთმევთ ძალიან ენერგიული იქნებით. მონელებას არ სჭირდება დიდი დრო და ენერგიას გმატებთ.

ნეიტრალური – ეს არის ისეთი საკვები რაც აუცილებელია ორგანიზმისთვის, ცილების, ნახშირწყლების და ცხიმების სახით. ეს შეიძლება იყოს მომზადებული ბოსტნეული, ბურღულეული, პური, რძის პროდუქტები და ა.შ. ასეთი საკვები დიდ ენერგიას არ გვართმევს. მარტივი ექსპერიმენტით შეგიძლიათ თავადვე დარწმუნდეთ ამაში.

3 დღის მანძილზე მიიღეთ ხორციანი საკვები. მომდევნო სამი დღის მანძილზე თქვენი რაციონის ნახევარი იყოს ცოცხალი ხილ–ბოსტნეული, ნახევარი კი მომზადებული კერძები (ხორცის გარდა). ხოლო შემდეგი 3 დღე მიირთვით მარტო ცოცხალი ხილი და ბოსტნეული. შემდეგ შეადარეთ რომელ დღეებში გრძნობდით უფრო ენერგიულად თავს.

რა თქმა უნდა ყოველთვის ჯობია ბალანსი. საუკეთესო ვარიანტია: თქვენი საკვების 30%-50% შეადგენდეს ცოცხალ ხილს და ბოსტნეულს. მიიღეთ რაც შეიძლება ნაკლები უარყოფითი საკვები (თუ შესაძლებელია კვირაში რამდენიმე დღის მანძილზე სრულიად ამოიღეთ რაციონიდან). მიირთვით მეტი ცოცხალი ბოსტნეულის სალათები და ხილი. ნეიტრალური საკვები კი ზომიერად, ეცადეთ შეამციროთ ცომეულის რაოდენობაც.

მთავარი პრინციპია – მიიღოთ მეტი ცოცხალი ხილი და ბოსტნეული, ნაკლები ხორცი და ცომი. ამგვარად თქვენ სასურველ ფორმასაც შეინარჩუნებთ და დიეტის დაცვაც არასდროს მოგიწევთ. შესაბამისად, აიცილებთ თავიდან იმ სტრესს, რაც დიეტაზე ყოფნას ახლავს თან. თქვენი სხეული უფრო მსუბუქი, განწყობა კი – ხალისიანი იქნება.

თქვენს ორგანიზმზე დაკვირვებით, დროთა განმავლობაში მიხვდებით თუ რა ტიპის საკვები მოსწონს და რა არ მოსწონს მას. თავიდან ეს შეიძლება ცოტა დამაბნეველი იყოს, რადგან შეიძლება მოგწონდეთ გემო და იმ ეფექტს ვერ აღიქვამდეთ, რაც ამ საკვებს თქვენი სხეულისთვის მოაქვს (ანუ თქვენს გონებას მოსწონდეს). რომ გავამრტივოთ ეს პროცესი, ერთი რჩევა – თუ ჭამის შემდეგ ჰამაკში წამოწოლა და ძილი გინდათ, ესე იგი „არასწორად“ იკვებებით. თუ ჭამის შემდეგ, ენერგიულად გრძნობთ თავს, ესე იგი „სწორად“ იკვებებით. თქვენი სხეული ერთგვარი მოწყობილობაა, თუ მის სწორად მართვას ისწვალით, მას სასწაულების მოხდენა შეუძლია.

გამოქვეყნების თარიღი: 03 სექტემბერი, 2019წ

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები