გულისთვის სასარგებლო 7 ძირითადი პროდუქტი

გულისთვის სასარგებლო 7 ძირითადი პროდუქტი

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები მსოფლიოში ნაადრევი სიკვდილიანობის ნომერ პირველი გამომწვევი მიზეზია. აღნიშნული მიზეზით, ყოველწლიურად დაახლოებით 18 მილიონი ადამიანი იღუპება. გულ-სისხლძარღვთა სხვადასხვა დაავადების, მათ შორის ინსულტის, მთავარ რისკ-ფაქტორებად მიიჩნევა: არასწორი კვება, ფიზიკური უმოძრაობა, თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარება. პოტენციური რისკი შესაძლოა გამოვლინდეს მაღალი არტერიული წნევის, სისხლში შაქრის მაღალი შემცველობისა და ჭარბწონიანობის სახით.

გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკის შესამცირებლად, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაცით, რაციონში უნდა გავზარდოთ ხილი და ბოსტნეული, ასევე შევამციროთ მარილის მიღება, გავხადოთ ფიზიკური აქტივობა ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი, უარი ვთქვათ მოწევაზე და მკაცრად ვაკონტროლოთ მიღებული ალკოჰოლის რაოდენობა.

გთავაზობთ საკვები პროდუქტების ჩამონათვალს, რომელთა მიღებაც განსაკუთრებით სასარგებლოა გულისთვის.

მწვანილი და სუნელები – ბეგქონდარა, თავშავა, როზმარინი, ქინძი, დარიჩინი, კურკუმა, ჯანჯაფილი … ათასობით წლის განმავლობაში, სხვადასხვა მცენარესა და სუნელს არაერთი დაავადების სამკურნალოდ იყენებდნენ. მწვანილი და სუნელები არაჩვეულებრივი დანამატია საკვებისთვის, არა მხოლოდ არომატის და გემოვნური თვისებების, არამედ კერძში ჯანსაღი შტრიხების შესატანადაც. მაგალითად, დარიჩინი და ჯანჯაფილი ხელს უწყობს სისხლში ქოლესტერინის დონის შემცირებას, კურკუმა ხელს უშლის სისხლის შედედებას და თრომბების წარმოქმნას, ქინძი და ბეგქონდარა ხელს უწყობს მაღალი არტერიული წნევის შემცირებას, ორეგანო და როზმარინი კი მდიდარია ანტიოქსიდანტებით, რომლებიც გულის დაავადებების განვითარების რისკს აფერხებს.

პარკოსნები – ლობიო, მუხუდო, ბარდა და ოსპი გულის ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლო პროდუქტებია. პარკოსნებით მდიდარი საკვები სისხლში ქოლესტერინის და ტრიგლიცერიდის (ცხიმის სახეობა, რომლის მაღალი დონე სისხლში ინსულტის და გულის დაავადებების მაღალი რისკის მაჩვენებელია) დონის შემცირებაში დაგეხმარებათ. გარდა ამისა, პარკოსანი პროდუქტები მდიდარია მცენარეული ბოჭკოთი და კალიუმით. კალიუმი მნიშვნელოვანია არტერიული წნევის რეგულირებისთვის. მცენარეული ბოჭკოთი მდიდარი საკვები კი ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, ხელს უწყობს არტერიული წნევის რეგულირებას და ამცირებს ანთებით პროცესებს.

კენკროვანი ხილი – მარწყვი, მოცვი, მაყვალი და ჟოლო ძალიან მდიდარია ანთების საწინააღმდეგოდ მოქმედი სხვადასხვა ანტიოქსიდანტით, რომლებიც აფერხებს გულის დაავადებების განვითარების რისკს. კენკრა გულის ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის მნიშვნელოვან ნუტრიენტებსაც შეიცავს. გარდა იმისა, რომ კენკროვანი ხილი სასარგებლოა გულისთვის, ვიტამინებისა და მინერალების სიმრავლის გამო, იგი ასევე  ყველაზე სასარგებლო საკვები პროდუქტების კატეგორიაშიც შედის.

პომიდორი – ძალიან მდიდარია ანტიოქსიდანტ ლიკოპენით. ის წარმოადგენს ბუნებრივ პიგმენტს, რომელიც სხვადასხვა ხილისა და ბოსტნეულის (მაგალითად, წითელი ფორთოხალი, საზამთრო, გუავა და ა.შ.) წითელ შეფერილობას განაპირობებს. სისხლში ლიკოპენის დაბალი შემცველობა პირდაპირ კავშირშია გულის შეტევისა და ინსულტის გაზრდილ რისკთან.

ზეითუნის ზეთი –  ჯანსაღი ცხიმი, რომელიც ზეთისხილის დასრესით მიიღება. ის მდიდარია გულისთვის სასარგებლო ანტიოქსიდანტებით და იცავს სისხლძარღვებს. ნაჯერი ცხიმების, მაგალითად, კარაქის, ზეითუნის ზეთით ჩანაცვლება სისხლში ქოლესტერინის დონის შემცირებაში დაგეხმარებათ.

ნიგოზი – ყოველდღიურად მხოლოდ ერთი მუჭა ნიგვზის მირთმევა დაგეხმარებათ გულის არტერიებში მიმდინარე ანთებითი პროცესების ჩაქრობაში. ნიგოზი მდიდარია ომეგა-3 ცხიმებით, მონოუჯერი ცხიმებით, მცენარეული სტეროლითა და ბოჭკოთი. ასე რომ, სასურველია, სხვადასხვა არაჯანსაღი წასახემსებელი, როგორებიცაა ჩიფსები, ნამცხვრები, ტკბილეული და ა.შ. ნიგვზით ჩაანაცვლოთ.

ფორთოხალი – არომატული და წვნიანი ფორთოხალი შეიცავს ქოლესტერინთან მებრძოლ ბოჭკოს – პექტინს. მის შემადგენლობაში შედის კალიუმიც, რომელიც ორგანიზმს არტერიული წნევის რეგულირებაში ეხმარება. პერიოდულად ეცადეთ, ფორთოხლის წვენი ყოველდღიურად მიირთვათ.  ეს გემრიელი სასმელი თქვენს გულს დაიცავს.

ჯანსაღ დიეტასთან ერთად, ვარჯიშიც აუცილებელია. გულისთვის ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო ვარჯიში იოგაა. ის აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, არეგულირებს სისხლში ქოლესტერინისა და შაქრის დონეს, ასტაბილურებს გულის რიტმს. შედეგად, მცირდება ჰიპერტენზიის, ინსულტისა და სხვა გულის დაავადებების საფრთხეც. თუ ყოველდღიურად ვარჯიშისთვის დროის გამონახვა გიჭირთ, ეცადეთ, მაქსიმალურად ბევრი იაროთ ფეხით.

გამოქვეყნების თარიღი: 06 სექტემბერი, 2021წ

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები