რა არის მეტაბოლური მოქნილობა და როგორ გავაუმჯობესოთ იგი?

რა არის მეტაბოლური მოქნილობა და როგორ გავაუმჯობესოთ იგი?

მეტაბოლური მოქნილობა - საინტერესო ტერმინია, მაგრამ რას ნიშნავს და როგორ მოქმედებს იგი ჩვენს ფიზიკურ მდგომარეობასა და სხეულის ფორმებზე? 

ჩვენი სხეული ენერგიის ძირითადად ორ წყაროს იყენებს: ნახშირწყლებს და ცხიმებს.

მეტაბოლური მოქნილობა სხეულის უნიკალური უნარია, საჭიროების შემთხვევაში ენერგიის ერთი წყაროდან მეორეზე მარტივად გადაერთოს.

როგორ მოქმედებს ორგანიზმზე დაბალი მეტაბოლური მოქნილობა?

დაბალი მეტაბოლური მოქნილობის დროს, ყოველ ჯერზე, როდესაც სისხლში შაქრის დონე ეცემა, ვგრძნობთ დაღლილობას, ტვინის აქტიურობა იკლებს და ორგანიზმი ნახშირწყლების მიღებას გვთხოვს (ტკბილეული, ცომეული). ამ დროს რთულია წონაში არ მოვიმატოთ, არათუ დავიკლოთ.

მაღალი მეტაბოლური მოქნილობა კი, საშუალებას აძლევს სხეულს ნახშირწყლების ნაცვლად ადვილად გადაერთოს ცხიმების წვაზე.

რაზეა დამოკიდებული ჩვენი მეტაბოლური მოქნილობა?

პასუხი მარტივია - ის დამოკიდებულია ინსულინის დონეზე სისხლში.

სხვადასხვა საკვები ინსულინის სხვადასხვა ოდენობის გამოყოფას განაპირობებს. ამ შემთხვევაში, ინსულინი ენერგიის წყაროს ,,გადამრთველია“. როდესაც ინსულინის დონე დაბალია, სხეული ცხიმის წვის რეჟიმშია, ხოლო ინსულინის მაღალი დონის შემთხვევაში, ორგანიზმი ცხიმის შენახვისა და მომარაგების რეჟიმს რთავს.

დღის მანძილზე, ნახშირწყლების ხშირი მოხმარებით ჩვენ მუდმივად ვზრდით ინსულინის დონეს, არ ვაძლევთ მას დაწევის საშუალებას, რითაც ხელს ვუშლით ორგანიზმს გადავიდეს ცხიმის წვის უფრო ძლიერ რეჟიმზე.

რაში გვეხმარება მაღალი მეტაბოლური მოქნილობა?

- ხელს უწყობს წონის დაკლების პროცესს

- აუმჯობესებს ძილის ხარისხს

- ანელებს დაბერებას 

- ამცირებს შიმშილის გრძნობას

- ზრდის ენერგიის დონეს

ასე რომ, საკმაოდ ბევრი მიზეზი გვაქვს მეტაბოლური მოქნილობის გასაუმჯობესებლად. ის მნიშვნელოვანია როგორც ჩვენი ჯანმრთელობისთვის, ასევე შესანიშნავი გარეგნული ფორმისთვისაც.

როგორ ამოვიცნოთ სუსტი მეტაბოლური მოქნილობა?

- თქვენთვის რთულია გაატაროთ რამდენიმე საათი საკვების გარეშე  და ჭამის  შემდეგ ძილიანობა გაწუხებთ

- დილით ტკბილეულის მირთმევის შემთხვევაში ენერგიის უკმარისობას გრძნობთ

- თავს უფრო ხშირად დაღლილად გრძნობთ, ვიდრე ენერგიულად

- ვერ იცავთ დიეტას და ტკბილეულის გამო აუცილებლად არღვევთ მას

თუ ამ სიიდან თქვენთვის რომელიმე სიმპტომი ნაცნობია, მაშინ სამუშაო გაქვთ მეტაბოლური მოქნილობის გასაუმჯობესებლად. ყველაფრის გამოსწორება შეიძლება, მაშინაც კი, თუ დაბალი მეტაბოლური მოქნილობისკენ გენეტიკურად მიდრეკილი ხართ. 

რითი დავიწყოთ მეტაბოლური მოქნილობის გაუმჯობესება?

- შეზღუდეთ ნახშირწყლების მიღება. რაც უფრო ნაკლებ ნახშირწყლებს მიირთმევთ, მით უფრო ხშირად მიმართავს თქვენი სხეული ცხიმების მარაგს ენერგიის მოსაპოვებლად.

- გახადეთ ცილები და ცხიმები თქვენი რაციონის ძირითადი კომპონენტები (კვერცხი, თევზი, ზღვის პროდუქტები, ხორცი, ზეთები, თხილი, ხაჭო, ნატურალური იოგურტი, ყველი).

- ნახშირწყლების ძირითადი წყარო ბოსტნეული და ხილი უნდა იყოს, ხოლო ტკბილეული, ცომეული, გაზიანი სასმელები, ხილის წვენები, ტკბილი რძის პროდუქტები (იოგურტები და ხაჭო დანამატებით) უნდა შეიზღუდოს.

- მიირთვით საკვები თავის თავდაპირველ მდგომარეობაში და შეზღუდეთ დამუშავებული საკვების მიღება - ძეხვეული, ნახევარფაბრიკატები, საკონდიტრო ნაწარმი, კონსერვები.

- გაზარდეთ ინტერვალი კვებიდან კვებამდე.

- უარი თქვით ძირითადი საკვების მიღების შორის წახემსებაზე. დღეში საკვების მიღების საათების შეზღუდვამ 8-12 საათამდე, შეიძლება გაზარდოს ცხიმის წვა და ხელი შეუწყოს წონაში კლებას.

- გაზარდეთ ფიზიკური აქტივობა. თუ არ სტუმრობთ ფიტნეს დარბაზს, მაშინ უბრალოდ იარეთ. სიარული ყველგან შეიძლება და სპეციალურ აღჭურვილობასაც არ საჭიროებს, გარდა სპორტული ფეხსაცმლისა.

ამ მარტივი რჩევების გათვალისწინებით შედეგს მალე დაინახავთ. თქვენი ორგანიზმი დაიწყებს ცხიმის წვას სპეციალური დიეტების გარეშე. თავს კი, მეტად ენერგიულად და მსუბუქად იგრძნობთ.

გამოქვეყნების თარიღი: 10 თებერვალი, 2022წ
ავტორი

Nutrip Georgia

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები