სოციალური მედიის როლი ადამიანთა ცხოვრებაში სულ უფრო და უფრო იზრდება. სოციალური ქსელები, როგორებიცაა: Facebook, Instagram, TikTok და სხვა, ხალხს აძლევს შესაძლებლობას დაამყარონ კონტაქტები, გამოხატონ საკუთარი თავი და გაეცნონ სიახლეებს. თუმცა, კომუნიკაციისა და ინფორმაციის გავრცელების გამარტივებასთან ერთად, ეს პლატფორმები ნეგატიურ ზეგავლენასაც ახდენენ ადამიანთა მენტალურ ჯანმრთელობაზე. უწყვეტი განათების და ხშირი შეტყობინებების გამო, სოციალური ქსელები ადამიანებს მუდმივი მოლოდინის და შფოთვის რეჟიმში ამყოფებენ, რაც ხშირად მათი განწყობის სწრაფი ცვლილების მიზეზიც ხდება.
კვლევების თანახმად, ადამიანები სოციალურ ქსელებთან დღეში საშუალოდ 7 საათს ატარებენ. ეკრანთან დიდი დროის გატარება კი, ისეთ ფიზიკურ თუ მენტალურ პრობლემებს იწვევს, როგორებიცაა: თვალების და კისრის დაძაბულობა, ძილის დარღვევა, დაბალი თვითშეფასება, შფოთვა და სხვა. ამიტომ სასურველია, ეკრანთან გატარებული დრო მაქსიმალურად შევზღუდოთ და სოციალური ქსელები მიზნობრივად გამოვიყენოთ.
ამ სტატიაში გაგიზიარებთ 4 მიდგომას, რომლებიც ეკრანთან გატარებული დროის შემცირებაში დაგეხმარებათ.
შეტყობინებების (notifications) გათიშვა: მაშინაც კი, როცა საქმეზე კონცენტრაციას ვცდილობთ, მობილურში უწყვეტად შემოსული შეტყობინებები სოციალური ქსელების შემოწმებას გვაიძულებენ. ტელეფონში 2 წუთით ჩახედვა კი, შესაძლოა, ბევრად დიდხანს გაგრძელდეს. ეს თანაბრად აზარალებს როგორც მუშაობის, ისე - ბალანსის შენარჩუნების პროცესს დასვენებასა და მუშაობას შორის. სწავლის ან სამსახურებრივი საქმის კეთების დროს შეტყობინებების გათიშვა საშუალებას გვაძლევს ავირიდოთ ზედმეტი შფოთვა, შევინარჩუნოთ სიმშვიდე და ვკონცენტრირდეთ დაწყებულ აქტივობებზე. ეს მარტივი ნაბიჯი ზრდის ჩვენი პროდუქტიულობის დონეს და ამცირებს გონებრივ გადაღლას, რაც საბოლოოდ დადებითად აისახება როგორც შესრულებული საქმის ხარისხზე, ისე მენტალურ ჯანმრთელობაზე.
T.I.M.E. მეთოდი: მენტალური ჯანმრთელობის და პროდუქტიულობის სფეროში ექსპერტი დოქტორი ჰეიდი ჰანა გვთავაზობს TIME მეთოდს, რომელიც მიზნად ისახავს სოციალურ მედიასთან ეფექტიანი ურთიერთობის ჩამოყალიბებას და ამ პროცესში დროის სწორად მართვას. T.I.M.E. ოთხ ძირითად პრინციპს ეფუძნება:
T (time) - დროის ბლოკირება: წინასწარ განსაზღვრეთ სოციალურ მედიასთან გასატარებელი დრო, რათა არ გახდეთ კონტროლირებადი მის მიერ და “5 წუთი” შემთხვევით 40-წუთიან გაუაზრებელ “სქროლვად” არ აქციოთ.
I (intention) - განსაზღვრული მიზანი: სანამ სოციალურ მედიას გახსნით, განსაზღვრეთ, რა მიზანი გაქვთ – იქნება ეს მეგობრებთან დაკავშირება, ახალი ინფორმაციის მიღება თუ უბრალოდ, დასვენება. მიზნის დასახვა ხელს შეუწყობს იმის თავიდან აცილებას, რომ სოციალური მედიაში “დაიკარგებით” და დროს გაუაზრებლად გაფანტავთ.
M (mindfulness) - გააზრებულობა: სოციალური ქსელების მიზანია, რაც შეიძლება დიდი ხნით შეინარჩუნოს ჩვენი ყურადღება. ამიტომ, გაიაზრეთ, რამ შეიძლება გადაიტანოს თქვენი ყურადღება დასახული მიზნიდან და ეცადეთ, პერიოდულად გადაამოწმოთ, რამდენად მიზანმიმართულად ატარებთ დროს ეკრანთან.
E (enrichment) - გავლენის შეფასება/გაუმჯობესება: გაიაზრეთ, როგორ გრძნობთ თავს ეკრანთან გატარებული დროის შემდეგ. თუ ეს თქვენს განწყობაზე და მენტალურ ან ფიზიკურ მდგომარეობაზე უარყოფითად აისახება, დროა, გადააფასოთ თქვენი მიდგომები.
“ციფრული დეტოქსი”: 2023 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, სოციალურ მედიასთან ხანგრძლივი დროის გატარებამ ახალგაზრდებში შეიძლება დეპრესიისა და ნევროზის სიმპტომების გაძლიერება გამოიწვიოს. ერთ-ერთი მეთოდი, რომელსაც პროფესიონალები სოციალურ მედიის “ბორკილებისგან” თავის დაღწევისთვის გვირჩევენ, “ციფრული დეტოქსია” - ეს შეიძლება იყოს 1-თვიანი პერიოდი, როდესაც ადამიანი სრულად თავისუფლდება სოციალური მედიისგან და ერთგვარად, ხელახლა სწავლობს მის გარეშე დროის გატარებას. შედეგად კი, სოციალური ქსელების აღდგენის შემდეგ, მათზე ნაკლებ დამოკიდებულებას ავლენს და გაცილებით მარტივად ინარჩუნებს კონცენტრაციას.
სოციალური მედიის ჩანაცვლება რეალური აქტივობებით: როგორც წესი, სოციალურ მედიასთან ყველაზე დიდ დროს სურათების თვალიერებაში, ვიდეოების ყურებაში, მუსიკის მოსმენაში, მეგობრებთან კომუნიკაციაში ვატარებთ. თუმცა, ხშირად გვავიწყდება, რომ ეს აქტივობები შეიძლება რეალურ ცხოვრებაშიც შევასრულოთ და ზოგჯერ, უფრო სახალისოდაც კი. შეეცადეთ, სანამ დროის გასაყვანად “სქროლვას” დაიწყებთ, მანამდე გაიაზროთ - ხომ არ გაქვთ საშუალება, რეალურ ცხოვრებაშიც დაკავდეთ მსგავსი სასიამოვნო აქტივობით. მაგალითად, გაისეირნოთ ბუნებაში, შეხვდეთ მეგობრებს, ივარჯიშოთ და სხვა. ეს არა მხოლოდ ეკრანებისგან თავის დაღწევაში დაგეხმარებათ, არამედ - თქვენს ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობასაც გააუმჯობესებს.
გახსოვდეთ, რომ სასურველია, სოციალური მედია მიზანმიმართულად და გააზრებულად გამოიყენოთ, რათა ის დროის კარგვის ინსტრუმენტად არ იქცეს. ამასთან, უმჯობესია, გაზარდოთ რეალურ სივრცეში გატარებული დრო, რაც საშუალებას მოგცემთ, დაამყაროთ სოციალური კავშირები, აღიდგინოთ ენერგია და ციფრული აქტივობების რეალურით ჩანაცვლებას მიეჩვიოთ.