როგორ შევინარჩუნოთ მენტალური და ემოციური სტაბილურობა არასტაბილურ დროს
4 წუთიანი საკითხავი
როგორ შევინარჩუნოთ მენტალური და ემოციური სტაბილურობა არასტაბილურ დროს

როგორც მშვიდ და სტაბილურ დროს, ასევე მოულოდნელ, ძლიერ ან ხანგრძლივ სტრესზე საპასუხოდ, ჩვენი ორგანიზმი ყველაფერს აკეთებს ჩვენი მენტალური, ემოციური და ფიზიკური კეთილდღეობის შესანარჩუნებლად და მხარდასაჭერად. თუმცა, ორგანიზმის რესურსი ამოწურვადია და როდესაც ვიგრძნობთ, რომ ჩვენს გარშემო მიმდინარე მოვლენებს, რომლებიც ჩვენზე პირდაპირ თუ ირიბად ზემოქმედებენ, ვეღარ ვუმკლავდებით, მაშინ გარკვეული ნაბიჯების გადადგმის დრო დგება.

ამ სტატიაში გაგაცნობთ ფიზიკურ, ფსიქიკურ და ემოციურ ნიშნებს, რომლებიც შესაძლოა არასტაბილურ და არაპროგნოზირებად გარემოში ხანგრძლივად ყოფნისას განვითარდეს და, ასევე, გაგიზიარებთ რეკომენდაციებს, რომლებიც შესაძლოა აღნიშნულ სიმპტომებთან გამკლავებაში დაგეხმაროთ. 

აზროვნების, ქცევითი და ემოციური ნიშნები, რომლებიც ზოგადად არ გვახასიათებს, თუმცა ძლიერი და ხანგრძლივი სტრესის შედეგად გამოვლინდა, ხელს გვიშლის ფუნქციონირებაში და გრძელდება 2-3 კვირა ან მეტი დროის განმავლობაში, შესაძლოა იყოს:

 

▪️    მომატებული ძილიანობა ან უძილობა

▪️    მომატებული მადა ან უმადობა

▪️    მარტივი ან ძლიერი გაღიზიანებადობა

▪️    ძლიერი აგრესია ან სევდა

▪️    შფოთვა, შიში ან მუდმივი დაძაბულობა/ნერვიულობა

▪️    დეპერსონალიზაცია/დერეალიზაცია (საკუთარ თავთან და არსებულ რეალობასთან კავშირის დაკარგვა)

▪️    უიმედობის ან/და მარტოსულობის ძლიერი განცდა

▪️    დაბინდული აზროვნება და კონცენტრაციის უნარის დაქვეითება

▪️    ჩვეულზე დაბალი ენერგიის დონე  

 

მსგავსი სიმპტომების განვითარებისას, როდესაც ვგრძნობთ, რომ შინაგანი წონასწორობის აღდგენას ვერ ვახერხებთ, მნიშვნელოვანია, რომ ორგანიზმს დავეხმაროთ და საკუთარი ჯანმრთელობის საკეთილდღეოდ ვიმოქმედოთ.

გთავაზობთ რჩევებს, რომლებიც დაგეხმარებათ ემოციური და მენტალური კეთილდღეობის აღდგენაში.

დააკვირდით საკუთარ ორგანიზმს - ძლიერ სტრესზე საპასუხოდ ორგანიზმის მოთხოვნილებები იცვლება. ამ დროს ცვლილებების შემჩნევა და დაკმაყოფილება მნიშვნელოვანია. ისევე, როგორც ვირუსული ინფექციის შემთხვევაში, მაღალი ცხელების დროს საკუთარ თავზე ზრუნვას ვიწყებთ, მნიშვნელოვანია მენტალური და ემოციური სირთულის დროსაც მეტი ყურადღება დავუთმოთ ჩვენ ჯანმრთელობას. შესაძლოა, ჩვეულზე მეტი ძილი გვჭირდება და დილით სამსახურის გამო ვერ ვახერხებთ გამოძინებას, მაშინ აჯობებს თუ 1-2 საათით ადრე დავწვებით დასაძინებლად. ასევე, თუ ნეგატიურმა ფიქრებმა მოიმატა და ვეღარ ვუმკლავდებით, შესაძლოა ყოველდღიური მედიტაცია ან აზრების ჩამოწერა და, შემდეგ, მათზე დაკვირვება დამხმარე აღმოჩნდეს, რადგან ყველაფერი, რასაც გონება ასეთ დროს გვთავაზობს, სიმართლე არ არის. ძლიერი ემოციური რეაქციის დროს, როგორიც შეიძლება იყოს ბრაზი, შესაძლოა რაიმე ფორმის აქტივობა დაგვეხმაროს, მაგალითად ფეხით სიარული, დარბაზში ვარჯიში, წერა, ხატვა, ძერწვა და სხვა შემოქმედებითი აქტივობა, რომელიც დაგროვილი უარყოფითი ენერგიის გამოთავისუფლებაში დაგვეხმარება.

ეცადეთ შეინარჩუნოთ ჩვეული რუტინა - უჩვეულო მოვლენებზე საპასუხოდ, როდესაც ჩვენი ემოციური და ფსიქიკური მდგომარეობა ძლიერ დარტყმას იღებს, იცვლება ჩვენი ყოველდღიურობა, თუმცა, ამ დროს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება არსებული რუტინის შენარჩუნება, რამდენადაც ეს შესაძლებელია. როდესაც გარემოში მიმდინარე მოვლებზე კონტროლი არ გაგვაჩნია, შესაძლოა მხოლოდ ჩვენი დღის გეგმა იყოს ჩვენს ხელში და ყოველდღიური რუტინის შენარჩუნება დაგვეხმაროს სტაბილურობის განცდის - ფსიქიკური და ემოციური წონასწორობის აღდგენასა და შენარჩუნებაში. ეცადეთ არ გააცდინოთ ვარჯიში; შეინარჩუნეთ კვების დრო; დაძინებამდე და გაღვიძებისას თქვენს ჩვეულ აქტივობებს ნუ შეცვლით; ისევ დაუთმეთ ყოველდღიურად დრო მეცადინეობას/მუშაობას და ა.შ.  

დაუახლოვდით ან შეინარჩუნეთ სიახლოვე ადამიანებთან და ბუნებასთან - არასტაბილურ დროს, როდესაც ძლიერ ემოციურ, ფიზიკურ ან ფსიქიკურ სტრესს განვიცდით, უსაფრთხოების განცდის აღსადგენად, შესაძლოა იზოლირება ვარჩიოთ. ყველა შემთხვევაში, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ადამიანისთვის მარტო გადარჩენა უფრო რთულია, ვიდრე სხვა ადამიანებთან ერთად, ამიტომ შეინარჩუნეთ ურთიერთობა იმ ადამიანებთან, ვისაც თქვენი ესმით და თქვენი მხარდაჭერის სურვილი ან შესაძლებლობა აქვთ. ასევე, შესაძლოა გაიცნოთ ახალი ადამიანები, რომლებიც იგივე ან მსგავსი სირთულეების წინაშე არიან ახლა ან იყვნენ წარსულში, დიდი ალბათობით, ეს საკმარისი იქნება იმისთვის, რომ თქვენი ურთიერთობა შედგეს. 
და შესაძლოა ხშირად გვესმის, თუმცა მაინც ფაქტია, რომ მზის სხივები, სუფთა ჰაერი და მწვანე გარემო ორგანიზმზე დადებითად მოქმედებს და ამას ალტერნატივა არ აქვს. ამიტომ, როდესაც იგრძნობთ საკმარის ენერგიას და გექნებათ დრო, რომ თუნდაც 15 წუთი ფეხით გაისეირნოთ, ჩიტების ხმას მოუსმინოთ და ხეებს დააკვირდეთ, ეს შესაძლებლობა გამოიყენეთ.


მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ჩვენი ორგანიზმის არაბუნებრივი რეაქცია, გარემოში მიმდინარე არაბუნებრივ მოვლენაზე, ბუნებრივი და ნორმალურია. ამის საპირისპიროდ კი, უჩვეულოა, თუ მსოფლიოში, ქვეყანაში, ოჯახში თუ პირად ურთიერთობაში მიმდინარე ძლიერ უარყოფით სტრესზე და ცვლილებაზე რეაგირება არ გვაქვს. და თუ ზემოთ ჩამოთვლილი რეკომენდაციები შედეგს ვერ გამოიღებს, მაშინ მიზანშეწონილი იქნება თქვენი გამოჯანმრთელების პროცესში პროფესიონალების ჩართვა და მათი მხარდაჭერით შემდგომი მკურნალობის დაგეგმვა - ეს შეიძლება იყოს ოჯახის ექიმთან ან/და ფსიქიატრთან კონსულტაცია, ინდივიდუალური ან ჯგუფური ფსიქოთერაპია და სხვ.

გამოქვეყნების თარიღი: 22 მაისი, 2025წ
ავტორი

Bloomin.ge

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები