ურთიერთობა ზრდასრულ შვილსა და მშობელს შორის
ურთიერთობა ზრდასრულ შვილსა და მშობელს შორის

მშობლებსა და ზრდასრულ შვილებს შორის ურთიერთობაზე გავლენას ბევრი სხვადასხვა ფაქტორი ახდენს და, ხშირად, ეს ურთიერთობები არ არის ისეთი, როგორსაც შვილები ან მშობლები ისურვებდნენ.

სოციო-კულტურული გარემო და საზოგადოებაში გავრცელებული აღზრდის სტანდარტები, ქვეყნის და კონკრეტული ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა, მხარდამჭერი სერვისები და მათზე ხელმისაწვდომობა, ბავშვის ცხოვრებაში მიღებული პირველადი და შემდგომი გამოცდილებები (დაწყებული მუცლადყოფნის პერიოდიდან), მშობლის ცხოვრებაში არსებული მუდმივი თუ პერიოდული სირთულეები… ამ და სხვა ფაქტორების ზემოქმედების შედეგად ყალიბდება ოჯახური დინამიკა, რაც მშობელსა და შვილს შორის ურთიერთობასაც გულისხმობს.

 

უკვე ზრდასრულ ასაკში მშობელთან ინტერაქციისას, სირთულეები შესაძლოა ორივე მხარეს არსებობდეს. მაგალითად: 

▪️შვილებისთვის სირთულეა, როდესაც მშობლებს უჭირთ მათი ზრდასრული ასაკის გააზრება, ან ხშირად და ინტენსიურად იჭრებიან მათ პირად ცხოვრებაში; როდესაც მშობლებს სურთ მათი დახმარება, რჩევის მიცემა, მათთვის პრობლემების არიდება, მათ ნაცვლად მოგვარება ან მაშინ, როდესაც მშობლები ზედმეტად კრიტიკულები ან ინდიფერენტულები არიან.

▪️მშობლებისთვის შესაძლოა რთული იყოს, როდესაც ზრდასრული შვილები მათ ვერ უთმობენ საკმარის დროს და ყურადღებას; უჭირთ მშობლების ასაკის მატებასთან და მათ საჭიროებებთან გამკლავება ან მათზე ზრუნვა; ასევე მათთვის რთულია, როდესაც ზრდასრული შვილები ფიქრობენ და იქცევიან მშობლების შეხედულებებისგან ან ღირებულებებისგან განსხვავებულად.

 

ორივე მხარეს არსებობს გარკვეული მოლოდინები და საჭიროებები, რომლებიც შესაძლოა არ გვქონდეს გაცნობიერებული და ვერბალიზებული და რომელთა დაუკმაყოფილებლობას შეუძლია გამოიწვიოს იმედგაცრუება, ფრუსტრაცია და კონფლიქტიც კი.
იმ გამონაკლისების გარდა, როდესაც ადგილი ჰქონდა ან/და აქვს ფსიქოლოგიურ, ემოციურ ან ფიზიკურ ძალადობას, არსებობს რეკომენდაციები, რომლებიც შესაძლოა მშობლებსა და ზრდასრულ შვილებს შორის ურთიერთობის გაუმჯობესებაში დაგვეხმაროს:

დაფიქრება
იმისათვის, რომ ურთიერთობაში რაიმე შეიცვალოს, თავდაპირველად, საჭიროა საერთო სურათის აღქმა და მისი ცალკეული ასპექტების გაანალიზება. დავაკვირდეთ სიტუაციურად ან თემატურად, როგორც წესი, როდის ხდება ამა თუ იმ უთანხმოების წარმოშობა. რა სიტუაციაში იმატებს გაღიზიანება, როდის ვგრძნობთ წყენას და იმედგაცრუებას, რომელ საკითხზე საუბრისას ვერ ვთანხმდებით, რა გავლენა აქვს ამ უთანხმოებაზე გარემოში ან ჩვენს პირად ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენებს, ერთმანეთთან გადაკვეთისას, რომელ კონკრეტულ წერტილში გვხვდება სირთულე.. ასევე, დავფიქრდეთ, თუ რა არის ჩვენს ურთიერთობაში კარგად, რა საკითხებზე შეგვიძლია საუბარი მშვიდად, რა აქტივობებია, რომლის კეთებაც ორივე მხარეს გვსიამოვნებს და ა.შ.

გაზიარება
ხშირად გვგონია, რომ გარკვეულ საკითხებზე ჩვენი მოლოდინები, ან ჩვენი წყენის თუ გაღიზიანების კონკრეტული მიზეზები, ისედაც ცხადია მეორე მხარისთვის და მათ უბრალოდ არ ითვალისწინებენ. სინამდვილეში კი, ეს ასე არ არის. როგორი ახლობლებიც არ უნდა ვიყოთ ერთმანეთისთვის, ჩვენ არ გვევალება ერთმანეთის ფიქრების და ემოციების გამოცნობა, ამიტომ გაზიარება მნიშვნელოვანია. პრობლემურ საკითხებზე საუბრის გარდა, მნიშვნელოვანია ერთმანეთისთვის დადებითი შეგრძნებების, მადლიერების და კმაყოფილების განცდის გაზიარებაც.

ცვლილების შეთავაზება
მას შემდეგ, რაც აღმოვაჩენთ ურთიერთობის კონკრეტულ სუსტ და ძლიერ მხარეებს, შეგვიძლია მოვიფიქროთ გამოსავალი ამ სირთულეებიდან. დავფიქრდეთ და ჩამოვაყალიბოთ რა გვინდა რომ შეიცვალოს და როგორ შეიძლება ეს ცვლილება მოხდეს. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს პრობლემის დაფიქსირება და ალტერნატიული, ჩვენთვის სასურველი ქცევის შეთავაზება: „მიხარია და მსიამოვნებს შენი სტუმრობა, თუმცა ჩემზე ცუდად მოქმედებს, როდესაც გაუფრთხილებლად/მოულოდნელად მოდიხარ. შეიძლება წინასწარ დამირეკო და შევთანხმდეთ ხოლმე შეხვედრის დროზე?“ ან „ძალიან მიყვარს შვილიშვილებთან დროის გატარება, თუმცა ხანდახან მარტო ყოფნა და დასვენებაც მჭირდება, შეიძლება შევთანხმდეთ კონკრეტულ დღეებზე და საათებზე, როდესაც ბავშვების დატოვებას სიამოვნებით შევძლებ?“

საზღვრების დაწესება
ზრდასრულ ურთიერთობებში, იქნება ისეთი პრობლემური საკითხებიც, აზრთა სხვადასხვაობა ან უთანხმოებები, საიდანაც შესაძლოა ალტერნატიული გამოსავალი არ არსებობდეს და ასეთ დროს, ორივე მხარისთვის კარგი იქნება, თუ მკაცრ საზღვრებს დავაწესებთ. შესაძლოა ეს ეხებოდეს რაიმე კონკრეტულ, სოციალურ თუ პოლიტიკურ საკითხზე საუბარს; განმეორებითი ქცევა, რომელიც უხეშად არღვევს ჩვენ სიმშვიდეს და პირად სივრცეს; წარსული გამოცდილება, რომლის გახსენება და განხილვა, ჩვენში ძლიერ უარყოფით ემოციებს იწვევს და სხვა. ამ დროს, შესაძლებელია ღიად და კორექტულად ამის დაფიქსირება და ახსნა, რომ ყოველი ასეთი შემთხვევისას, ურთიერთობა ზიანდება. მაგალითად: „ვფიქრობდი და შევამჩნიე, რომ ამ საკითხზე საუბრისას შეთანხმებას ვერასდროს ვაღწევთ, ამიტომ უმჯობესი იქნება თუ ამ თემას ერთმანეთთან აღარ გავარჩევთ და ჩემს ნაცვლად, ამ საკითხზე რომელიმე შენს თანამოაზრეს/მეგობარს დაელაპარაკები.“

საყრდენების გამოყენება
როგორც უკვე აღვნიშნეთ, მშობლებსა და ზრდასრულ შვილებს შორის ურთიერთობა ძლიერ მხარეებსაც მოიცავს ე.ი. ურთიერთგადაკვეთის ისეთ წერტილებს, როდესაც ერთმანეთის გვესმის, გარკვეულ საკითხებზე ვთანხმდებით, ურთიერთობა მოგვწონს და ისეთი აქტივობით ვართ დაკავებული, რომელიც ორივე მხარეს გვჭირდება და გვსიამოვნებს. ასეთი მომენტები შეგვიძლია ჩვენი ურთიერთობის ძირითად საყრდენებად გამოვიყენოთ. საყრდენის გამოყენებაში კი, იგულისხმება უფრო ხშირად, გადაკვეთის სწორედ იმ წერტილებში შეხვედრა, სადაც ჩვენი ურთიერთობა ჰარმონიულია. მაგალითად: სადილის ერთად მომზადება, გამოფენის ან სპექტაკლის ნახვა, ორივე მხარის ინტერესის სფეროს შესაბამისი გადაცემის ყურება, პარკში გასეირნება, ბავშვებისთვის საახალწლო ფორმების ერთად შეკერვა და სხვა.

მშობელსა და შვილს შორის ურთიერთობა მუცლადყოფნის პერიოდიდან იწყება და წლებთან ერთად, მუდმივ ფორმირებას განიცდის. მართალია, შვილის ზრდასრულობის ასაკისთვის ჩამოყალიბებული ოჯახური დინამიკა უკვე მყარი და ფიქსირებულია, თუმცა ცვლილებების შეტანა მაინც შესაძლებელია. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მშობლის მხრიდან არსებობს ამისთვის მზაობა და ძლიერი სურვილი, და იმის გათვალისწინებითაც, რომ უკვე ზრდასრულ შვილსაც ეკისრება პასუხისმგებლობა ამ ურთიერთობაზე.   

გამოქვეყნების თარიღი: 08 მაისი, 2025წ
ავტორი

Bloomin.ge

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები