როგორ გამოვიმუშავოთ ახალი ჩვევები?

შემოდგომა ბევრი ჩვენგანისთვის სიახლეების სეზონია, იწყება ახალი სასწავლო და სამუშაო წელი, ზაფხულის დასვენების შემდეგ ახალი ენერგიით ვუბრუნდებით ყოველდღიურობას და ბევრს გვაქვს ახალი მიზნები ან გეგმები, რომელთა განსახორციელებლად ახალი ჩვევების ჩამოყალიბება გვჭირდება.

ჩვევა არის ქცევა, რომელსაც ავტომატურად ვასრულებთ და იმისათვის, რომ ჩვევა ჩამოვიყალიბოთ, საჭიროა, რომ ეს მოქმედება სისტემატიურად შევასრულოთ. მეცნიერების თქმით, ყოველი ჩვენგანისთვის ინდივიდუალურია ის დრო, რაც ახალი ჩვევის ჩამოყალიბებისთვის გვჭირდება, თუმცა საშუალოდ ჩვენში ახალი ჩვევის დანერგვას 2-3 თვე სჭირდება.

არსებობს ჯანსაღი და არაჯანსაღი ჩვევები, რომლებსაც ყოველდღიურად (ხშირად გაუაზრებლად) ვასრულებთ და ამ მარტივ ქმედებებს ჩვენს ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაზე უდიდესი გავლენას აქვს. ჯანსაღი ჩვევის მაგალითია ყოველი დილის საუზმით დაწყება, ხოლო არაჯანსაღი ჩვევაა გაღვიძებისთანავე თამბაქოს მოხმარება.

რაც არ უნდა იყოს ჩვენი მიზანი, იქნება ეს ახალი ენის თუ პროფესიის ათვისება, წონის კლება, ვარჯიშის დაწყება თუ ჯანსაღი კვება, დაგვჭირდება კონკრეტული ჩვევების გამომუშავება, რათა ამ მიზანს მივაღწიოთ. პირველ რიგში, დავფიქრდეთ იმაზე, თუ რომელი ჩვევების ჩამოყალიბება გვჭირდება იმისათვის, რომ ჩვენ მიზანს მივაღწიოთ?

გიზიარებთ ახალი, ჯანსაღი ჩვევების ჩამოყალიბების სტრატეგიას, რომელიც დაგეხმარებათ თქვენი მიზნის მიღწევასა და თქვენთვის სასურველ და სასარგებლო ქცევასთან ადაპტაციაში:

დაისახეთ მიზანი და ჩამოწერეთ მასთან მისასვლელი ნაბიჯები - ხშირად, რთულად მისაღწევია ის, რაც ნამდვილად გვინდა, თუმცა თუ ამ მიზნამდე მისაღწევ გზას კარგად დავაკვირდებით და ბევრ, პატარა ნაბიჯებად დავყოფთ, მაშინ ჩვენი მიზანიც უფრო რეალური და ხელმისაწვდომი გახდება. უცხო ენის სწავლა არ არის მარტივი, მაგრამ თუ დავფიქრდებით და ჩამოვწერთ რა ქმედებები დაგვჭირდება ამ მიზნის მისაღწევად, მაშინ დღეიდან ძალიან მოკლე დროში უკვე გვექნება შედეგი. მაგალითად: მასწავლებლის მოძიება, შეხვედრა, წიგნის შეძენა, კვირაში 2 დღე ონლაინ გაკვეთილის ჩანიშვნა, მეცადინეობისთვის დღეში 30 წუთის გამოყოფა და ა.შ.

დაიწყეთ მარტივი აქტივობით - დიდი მიზნების მიღწევა, ერთი შეხედვით, დიდ ძალისხმევას მოითხოვს, თუმცა თუ ჩვენ თავს მიზნისკენ მისასვლელ გზას გავუმარტივებთ, შედეგის მიღწევის ალბათობაც გაიზრდება. შეიძლება თქვენი მიზანია ჯანსაღი ცხოვრების წესის გამომუშავება; ამ მიზნის მისაღწევად გჭირდებათ ვარჯიშის ჩვევის ჩამოყალიბება; ვარჯიში სრული დატვრთვით რთულია და ამ შემთხვევაში სპორტულ დარბაზში პირველივე ვიზიტისას შეიძლება უარი თქვათ ამ ჩვევის გამომუშავებაზე, თუმცა დღეში 15 წუთი სეირნობა მარტივია. სისტემატიურად სეირნობით თქვენ გამოიმუშავებთ ვარჯიშის ჩვევას, შემდეგ კი, უკვე მარტივია რომ ფეხით სიარულის ხანგრძლივობა გაზარდოთ ან ვარჯიშის ფორმა შეცვალოთ.  

გახადეთ თქვენი მიზანი ცხადი - მეცნიერების თქმით გონებას, ახალი ჩვევის გამომუშავებისთვის, სიცხადე სჭირდება, ამიტომ მნიშვნელოვანია თუ როგორ ესაუბრებით საკუთარ თავს. „უნდა დავიწყო ვარჯიში“ აბსტრაქტული მოთხოვნაა, მის ნაცვლად დაუკონკრეტეთ თქვენ თავს როდის, სად და რას გააკეთებთ: „ყოველ დილით, 8 საათიდან 9-ის ნახევრამდე, მისაღებ ოთახში ვივარჯიშებ იოგას.“ მოარგეთ თქვენი სურვილი თქვენს განრიგს და როდესაც ამ ახალ ქცევას სისტემატიურად გაიმეორებთ, თქვენი გონება თავად მოგთხოვთ დღის იმ კონკრეტულ მონაკვეთში, იმ კონკრეტული ქცევის შესრულებას.

მოარგეთ ახალი ჩვევა არსებულ რუტინას - ახალ ქცევასთან ადაპტაცია უფრო მარტივი იქნება, თუ მას უკვე არსებულ ჩვევებს მიაბამთ. როგორც წესი, დილის რუტინა ყველაზე სტაბილურია, ამიტომ ახალი ჩვევის გამომუშავებისთვის საჭირო აქტივობა, შეგიძლიათ დილის განრიგში ჩასვათ. თუ, მაგალითად, თქვენი დილა ასეთია: გაღვიძება, მოწესრიგება, საუზმე, ახალი ამბების გაცნობა, სამსახურში წასვლა, ხოლო თქვენ გსურთ დილაობით მედიტაციითაც დაკავდეთ, ჩასვით ამ ქმედებებს შორის ახალი აქტივობა - ყოველ დილით, საუზმის შემდეგ, სანამ აიღებთ ტელეფონს სიახლეების გასაცნობად, შედით მშვიდ ოთახში და 10 წუთი მედიტაციას დაუთმეთ. 

დააჯილდოვეთ საკუთარი თავი - ქცევის სპეციალისტების თქმით, საკუთარი თავის დაჯილდოვებას დიდი მნიშვნელობა აქვს. დაუწესეთ თქვენ თავს ჯიდლო, რომელსაც მარტივად და მოკლე დროში მიიღებთ. მაგალითად, თუ მიზნად გაქვთ დასახული ახალი პროფესიის ათვისება და მის მისაღწევად ყოველდღიური ძალისხმევა და თვითდისციპლინის ჩვევის გამომუშავება გჭირდებათ, იმ შემთხვევაში, თუ ერთი კვირის განმავლობაში დღეში 1 საათს მეცადინეობას/მუშაობას დაუთმობთ, კვირის ბოლოს თქვენ თავს საჩუქარი გაუკეთეთ - ის, რაც გესიამოვნებათ და გაგახარებთ.

წარმატების ვიზუალიზაციისთვის წარმოვიდგინოთ სახლი, რომელიც ძალიან გვინდა და რომლის აშენებაც მარტივი არ არის, თუმცა, თუ ყოველდღიურად ერთ აგურს დავამატებთ, მაშინ, გარკვეული დროის შემდეგ, მიზანს მივაღწევთ და სახლი აშენდება. სასურველი შედეგი შესაძლოა სწრაფად ვერ მივიღოთ, თუმცა სწორი ჩვევების გამომუშავებით მიზანსაც მივაღწევთ და ჩვენი ცხოვრებისაც ბევრი მიმართულებით უკეთესობისკენ შევცვლით.

გამოქვეყნების თარიღი: 17 ოქტომბერი, 2023წ
ავტორი

Bloomin.ge

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები