რა შეიძლება გვასწავლოს კრიზისმა?

კრიზისი კრიტიკული მდგომარეობაა, ერთგვარი გზაგასაყარი, წარსულსა და მომავალს შორის. იმას, თუ როგორ გავუმკლავდებით აღნიშნულ გამოწვევას და გადავჭრით ამა თუ იმ პრობლემას, შესაძლოა გადამწყვეტი მნიშვნელობა ქონდეს ჩვენს ცხოვრებაში.

არსებობს მასშტაბური, გლობალური და უფრო ვიწრო, პერსონალური კრიზისები. გლობალური კრიზისების მაგალითებია ომი და პანდემია, ხოლო პერსონალური კრიზისი შეიძლება იყოს უთანხმოება პარტნიორთან, კონფლიქტი ოჯახის წევრთან ან პროფესიული სტაგნაცია.

კრიზისულ მდგომარეობაში არსებობა რთულია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ის ჩვენი ცხოვრების რამდენიმე ასპექტზე ახდენს ზეგავლენას და, შესაძლოა, არა ერთი კონკრეტული პრობლემის წინაშე ვიდგეთ, არამედ რამდენიმე სირთულესთან ერთდროულად გვიწევდეს გამკლავება.

ხანგრძლივი და ინტენსიური სტრესი ჩვენი მენტალური და ფიზიკური ჯანმრთელობისთვის საზიანოა, თუმცა სწორედ სტრესის დროს ხდება ჩვენი სხეულის, ორგანიზმის და ფსიქიკის მობილიზება იმისათვის, რომ კრიზისული სიტუაციიდან გამოსავალი ვიპოვოთ და შინაგანი წონასწორობის აღდგენა შევძლოთ.

და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ყოველთვის, როდესაც შევძლებთ ამა თუ იმ კრიზისიდან ობიექტური და ჩვენთვის სასარგებლო დასკვნა გამოვიტანოთ, რაიმე ახალი ვისწავლოთ და გავიაზროთ, საზრისი ვიპოვოთ და ეს ცოდნა ჩვენში დავიტოვოთ, ჩვენც და ჩვენი მომავალიც უკეთესობისკენ ვიცვლებით.
რა შეიძლება გვასწავლოს კრიზისმა?

რისი შეცვლა იყო საჭირო ყოველდღიურ ცხოვრებაში - თუ დავფიქრდებით რამ გამოიწვია და როგორ მოვედით კრიზისამდე, შესაძლოა აღმოვაჩინოთ, რომ ამ კრიზისს საფუძველი ნელ-ნელა, ჩვენი ყოველდღიური ფიქრებითა და ქცევებით ეყრებოდა. ამის გაცნობიერება კრიზისული პერიოდის დროსაც შეგვიძლია, და მაშინაც, როდესაც კრიზისს გადავლახავთ. რა შეგვიძლია შევცვალოთ ჩვენს თავში უკეთესობისკენ, როგორ შეგვიძლია ამ ცვლილებით ჩვენი ყოველდღიურობა გავაუმჯობესოთ და მომავლში მსგავსი კრიზისი თავიდან ავირიდოთ?

კრიზისის დროს საკუთარი თავის უკეთ გაცნობა შეგვიძლია - ხშირად, კრიზისულ სიტუაციაში შესაძლოა ყოველგვარი წინაპირობის გარეშე, სრულიად მოულოდნელად აღმოვჩნდეთ და ჩვენი მხრიდან სწრაფი რეაგირება იყოს საჭირო. რა ვთქვით ან რა მოვიმოქმედეთ უეცარი სტრესის დროს? როგორ შევძელით ამ მოულოდნელი სირთულის გადალახვა? რა აღმოვაჩინეთ საკუთარ თავში ისეთი, რაც აქამდე არ ვიცოდით?

რას არ ვაფასებდით კრიზისამდე და დავაფასებთ კრიზისის შემდეგ - ძლიერი სტრესის შედეგად კრიზისულ სიტუაციში აღმოჩენა შტორმში მოხვედრას შეგვიძლია შევადაროთ, სადაც ცხადი ხდება რა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი და ნამდვილად ღირებული. შტორმის გადავლის და კრიზისიდან გამოსვლის შემდეგ, უკვე ვიცით სინამდვილეში, თუნდაც ყოველდღიურ ცხოვრებაში რას მოაქვს ჩვენთვის ბედნიერების განცდა და ამ პატარა დეტალებს მეტად ვუფრთხილდებით და ვაფასებთ.

კრიზისი ჩვენში თანაგანცდის და მადლიერების უნარს ანვითარებს - ვინ იყო ჩვენს გვერდით, როდესაც ყველაზე მეტად გვიჭირდა და მხარში დგომა გვჭირდებოდა? როდესაც კრიზისულ მდგომარეობაში მოვხვდებით, მაშინ აღმოვაჩენთ და უფრო მეტად დავაფასებთ იმ ადამიანებს, რომლებიც ამ დროს ჩვენს გვერდით იყვნენ. ამ გამოცდილებით ჩვენც ვსწავლობთ სხვების მზარდაჭერას სირთულეების დროს და შესაძლოა, ისიც გავიაზროთ, რომ ყველას ცხოვრებაშია კრიზისი, სტრესი ან პრობლემა, რის შესახებაც არაფერი ვიცით და მხოლოდ იმის გაკეთება შეგვიძლია, რომ ადამიანების მიმართ კეთილგანწყობილები ვიყოთ.

მენტალური ჯანმრთელობის მნიშვნელობა კრიზისული სიტუაციის დროს - მიუხედავად იმისა, მარტო მოგვიწია კრიზისის გადალახვა, თუ ბევრი ადამიანი გვედგა გვერდში, ჩვენი სირთულეები და პრობლემები ჩვენი დასაძლევია. კრიზისი ცხოვრების ნაწილია, რომელიც აქამდეც ყოფილა და მომავალშიც გველოდება, ამიტომ მნიშვნელოვანია ჩვენს ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაზე ყოველდღიურად ზრუნვა. სტრესმედეგობა (resilience) გამომუშავებადი უნარია, რომელიც გვეხმარება უფრო ძლიერად და მშვიდად შევხვდეთ სირთულეებს და კრიზისის გადავლისას მალე აღვიდგინოთ ძალები, ჩვენ მენტალურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა კი, ამ სტრესმედეგობის განვითარებას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს.
 
მართალია მიმდინარე კრიზისული პერიოდის დროს, რთულია რაციონალურად არსებული სიტუაციის შეფასება და მასში პრობლემების გარდა მნიშვნელოვანი საზრისის დანხვა, თუმცა ჩამოთვლილი პუნქტებიდან რამდენიმე შეგილიათ მოინიშნოთ, რთულ მდგომარეობაში ყოფნისას შეხედოთ ამ ჩამონათვალს და სცადოთ მათზე პასუხების პოვნა, რაც კრიზისის დასაძლევადაც მეტ ძალას და მოტივაციას მოგცემთ.

გამოქვეყნების თარიღი: 21 ნოემბერი, 2023წ
ავტორი

Bloomin.ge

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები