რაში გვეხმარება მცენარეებთან ურთიერთობა

დატვირთული ყოველდღურობიდან გამომდინარე, იქნება ეს სასწავლო თუ სამუშაო რეჟიმი, ადამიანების უმეტესობა, დღის ძირითად ნაწილს დახურულ სივრცეში ვატარებთ და სულ უფრო ნაკლებად ვახერხებთ ბუნებაში სეირნობას და მცენარეებთან ურთიერთობას. 

იმისათვის, რომ ბუნებასთან კონტაქტი და სიახლოვე შევინარჩუნოთ, შეგვიძლია ჩვენთვის სასარგებლო და სასიამოვნო მცენარეები ჩვენს სივრცეში მოვათავსოთ, იქნება ეს ოფისი, სახლი, საძინებელი ოთახი თუ სამუშაო მაგიდა.

ამ სტატიაში გაგიზიარებთ თუ რატომ არის მცერეებთან ურთიერთობა მნიშვნელოვანი და როგორ შევრჩიოთ ისინი ჩვენი სამუშაო თუ საცხოვრებელი სივრცისთვის.

რაში დაგვეხმარება მცენარეების ჩვენ სივრცეში დამატება და მათი მოვლა:

მცენარეებთან სიახლოვე აუმჯობესებს მენტალურ ჯანმრთელობას – ბიოფილიის ჰიპოთეზის მიხედვით (რომელიც ბიოლოგ ედვარდ ო. ნილსონს ეკუთვნის), მცენარეებთან, როგორც ცოცხალი ორგანიზმის ერთ-ერთ სახეობასთან სიახლოვე ისეთივე საჭირო და დადებითი ეფექტის მქონეა ჩვენს მენტალურ ჯანმრთელობაზე, როგორც შინაურ ცხოველთან თუ სხვა ადამიანებთან ურთიერთობა. ასევე, არსებობს არაერთი კვლევა, რომელიც ადასტურებს, რომ მცენარეების სიახლოვეს ყოფნა ამცირებს სტრესის დონეს, აუმჯობესებს ჩვენს განწყობას და ზრდის კონცენტრაციისა და პროდუქტიულობის ხარისხს.  

მცენარეების მოვლა აუმჯობესებს ჩვენს ემოციურ მდგომარეობას - მცენარეებზე ზრუნვა - გაწმენდა, მორწყვა, გადარგვა, სასიამოვნო პროცესია, რომელსაც ჩვენს ემოციურ მდგომარებაზე თერაპიული ეფექტი აქვს. იმ ენერგიას, რომელსაც მცენარეების მოვლისას გავცემთ, გვივსებს კიდევაც, რადგან ზრუნვის შედეგად მცენარე, რომელიც გაიხარებს, ჩვენში კმაყოფილების განცდას იწვევს, ხოლო მიწასთან შეხებისას ტაქტილური გზით ვიღებთ სიამოვნების შეგრძნებას. 

მცენარეებით გარემო უფრო სუფთა და ლამაზია - მცენარეებს მნიშვნელოვანი ესთეტიკური დატვირთვა აქვთ, რადგან ნებისმიერი დახურული სივრცე უფრო სასიამოვნოა, თუ დეკორაციის ნაწილს მცენარე წარმოადგენს. თუმცა ვიზუალური უპირატესობის გარდა, მცენარეებს შიდა სივრცეში არსებული ჰაერის გაუმჯობესების უნარიც აქვთ, რადგან იწოვენ ტოქსინებს და გამოყოფენ ჟანგბადს, ამიტომ მათი სასარგებლო თვისებები ჩვენს სასუნთქ სისტემაზეც აისახება.

როგორ შევარჩიოთ მცენარე: 

მოვიძიოთ და ავარჩიოთ მცენარის ის სახეობა/სახეობები, რომელიც მოერგება ჩვენს რეჟიმს და გარემოს - თუ ხშირად გვიწევს მოგზაურობა, მაშინ მნიშვნელოვანია, რომ მარტივად მოსავლელი მცენარე შევარჩიოთ. ასევე, შიდა სივრცის გათვალისწინებით, თუ ფანჯარასთან არ გვაქვს ადგილი, სჯობს შევარჩიოთ ისეთი მცენარე, რომლის გასახარებლად არაპირდაპირი მზის სხივიც საკმარისი იქნება, მაგალითად: კაქტუსი, ალოე, პეპერომია, ობობა მცენარე.

გავეცნოთ ინფორმაციას შერჩეული მცენარის სახეობ(ებ)ის მოვლის შესახებ - მცენარის ზოგიერთ სახეობას მორწყვა მხოლოდ თვეში ერთხელ სჭირდება, ხოლო სხვებს კვირაში ერთხელ, ამიტომ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, თუ როგორ უნდა მოვუაროთ სწორად მცენარეს, იმისათვის რომ გაიზარდოს და გაიხაროს. ასევე, ზოგიერთ მცენარეს პერიოდულად გადაადგილება ან რაიმე დანამატი ესაჭიროება, ამის შესახებაც მოვიძიოთ ინფორმაცია და მოვინიშნოთ მოვლის წესებში.

ოთახის მცენარეები, რომლებიც მარტივი მოსავლელია და სტატიაში ჩამოთვლილი სასარგებლო თვისებებიც გააჩნიათ: კაქტუსი, ალოე, პეპერომია, ქლოროფიტუმი (ობობა მცენარე), სანსევიერია (გველი მცენარე), სპატიფილუმი, ფიკუსი, დრაცენა…
 

გამოქვეყნების თარიღი: 02 აპრილი, 2024წ
ავტორი

Bloomin.ge

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები