მადლიერების ძალა

მადლიერების გამოხატვა ბუნებრივი ადამიანური რეაქციაა. დღის განმავლობაში სიტყვა “მადლობა”-ს ხშირად ვიყენებთ, თუმცა უმეტეს შემთხვევაში ეს სრულიად გაუცნობიერებლად და ინსტინქტურად ხდება.

მადლიერების განცდას, თუ ის ნამდვილად გულიდან წამოსული და გაცნობიერებულია, საოცარი დადებითი ტრანსფორმაციის მოხდენა შეუძლია როგორც გამცემ, ასევე ადრესატ ადამიანში. როგორ შეიძლება მადლიერება ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილად ვაქციოთ?

დააფასეთ წვრილმანები. როდის განიცდით მადლიერების გრძნობას ყველაზე ძლიერად? როგორც წესი, მაშინ, როდესაც ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა ხდება. სინამდვილეში, ყველაფერი ის, რაც უმნიშვნელოდ მიგვაჩნია, არც ისე მარტივად მოდის ჩვენამდე, როგორც გვეჩვენება.

მაგალითისთვის ავიღოთ თუნდაც ბოსტნეული, რომელიც მაღაზიაში შეიძინეთ. წარმოიდგინეთ რამდენი ადამიანის შრომაა ჩადებული მის მოყვანაში, გაზრდაში, შეფუთვაში, თქვენამდე მოწოდებაში. წარმოიდგინეთ რამდენი ადამიანი იყო ჩართული ამ პროცესში იმისთვის, რომ თქვენ ასე უბრალოდ მაღაზიაშჲ შესულიყავით, აგეღოთ სასურველი პროდუქტი და საყიდლების ურიკაში მოგეთავსებინათ.

თუნდაც დედამიწას დააკვირდით. თითქოს პლანეტაზე ყველა წვრილმანი ისე შეიქმნა, რომ ცოცხალი ორგანიზმების არსებობისთვის იდეალური გარემო ჩამოყალიბებულიყო. განა ეს ყველაფერი არ იმსახურებს აღფრთოვანებას და დაფასებას?

მადლიერების პრაქტიკა. ყოველდღიურად გამონახეთ დრო საკუთარი თავისთვის. აირჩიეთ მშვიდი გარემო, მოთავსდით კომფორტულად, დახუჭეთ თვალები და ეცადეთ გაიხსენოთ სულ მცირე სამი მოვლენა დღის განმავლობაში, რომლისთვისაც მადლიერი ხართ. ეს შეიძლება იყოს როგორც მნიშვნელოვანი, ისე სრულიად უმნიშვნელო მოვლენა (მაგალითისთვის, ის რომ გემრიელი საუზმე მიირთვით, რომ დღეს კარგად გამოიყურებით, რომ მზიანი ამინდია და ა.შ.). ეცადეთ კარგად წარმოიდგინოთ და ბოლომდე შეიგრძნოთ მადლიების განცდა. დარჩით ამ მდგომარეობაში რამდენიმე წუთის განმავლობაში. მისდიეთ ამ პრაქტიკას მინიმუმ ერთი თვის მანძილზე. ეს თქვენს ყოველდღიურობას სიმშვიდით და სასიამოვნო შეგრძნებებით აავსებს.

მადლიერების დღიური. შეგიძლიათ აწარმოოთ მადლიერების დღიური, რომელშიც ყოველდღიურად ჩაწერთ რისთვის ხართ მადლიერი. ეს საშუალებას მოგცემთ კონცენტრირება მოახდინოთ დადებით და არა უარყოფით მოვლენებზე. შეგიძლიათ დღიურში დეტალურად აღწეროთ მადლიერების პრაქტიკის შემდგომი განცდები.

თამამად გამოხატეთ მადლიერება. ყველას სიამოვნებს როდესაც ჯადოსნურ სიტყვა “მადლობა”-ს გულწრფელად ეუბნებით. ისინი ხვდებიან, რომ გულწრფელად აფასებთ იმისთვის, რაც თქვენთვის გააკეთეს. ამიტომ, ნუ მოგერიდებათ თამამად გამოხატოთ მადლიერება. ამ გზით თქვენ და მადლობის ადრესატი ერთმანეთში დადებით ენერგიასა და ბედნიერების შეგრძნებას გაცვლით.

მოხალისეობა. გამონახეთ დრო მოხალისეობისთვის. ეს ერთ-ერთი ყველაზე საოცარი გამოცდილებაა, რომელიც შეიძლება მიიღოთ. აირჩიეთ თემა, რომლის განვითარებაშიც წვლილის შეტანა გსურთ, ან ადამიანთა ჯგუფი, რომელსაც სიამოვნებით დაეხმარებოდით. თემა შეიძლება იყოს გარემოს დასუფთავება, ხანდაზმული ადამიანების ხელშეწყობა, ცხოველების დახმარება, მიუსაფარ ბავშვებთან ურთიერთობა და ა.შ. მოხალისეობა საშუალებას მოგცემთ მთელი გულით და სრულიად უსასყიდლოთ დაეხმაროთ ადამიანებს, ცხოველებს, ბუნებას. ეს უდიდესი ბედნიერების და მადლიერების შეგრძნებას მოგგვრით, უფრო მეტად დააფასებთ საკუთარ როლს ამ სამყაროში და ყველაფერს, რაც გაგაჩნიათ.

თანამედროვე ცხოვრების სწრაფი ტემპის გამო ადამიანები ხშირად ვერ ვახერხებთ მოვწყდეთ ყოველდღიურობას და რამდენიმე წუთი მაინც დავუთმოთ საკუთარ თავს, ჩვენი ენერგია მივმართოთ შიგნით, ვიგრძნოთ სიმშვიდე და მადლიერება ყველას და ყველაფრის მიმართ. ამ რამდენიმე წუთს (თუკი სისტემატურობას შეინარჩუნებთ) თქვენი ცხოვრების ტრანსფორმაცია შეუძლია.

გამოქვეყნების თარიღი: 13 ოქტომბერი, 2020წ

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები