სახლიდან მუშაობის ხელოვნება

მსოფლიო პანდემიამ, შეიძლება ითქვას, რომ მთლიანად შეცვალა ჩვენი დღის წესრიგი. ძალიან ბევრი კომპანია სრულად დისტანციურ ან მუშაობის ე.წ. „ჰიბრიდულ მოდელზე“ გადავიდა, რომლის დროსაც დასაქმებულები ნაწილობრივ სახლიდან მუშაობენ, ნაწილობრივ კი – ოფისიდან. პარალელურად, მსოფლიოში სულ უფრო მეტი ადამიანი ინტერესდება ფრილანსერობით, რაც მათ საშუალებას აძლევს დისტანციურად, თავისთვის საინტერესო სხვადასხვა პროექტზე იმუშაონ.

ბევრისთვის ოფისის გარეთ მუშაობა – მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, პლიაჟზე წამოწოლილ  მდგომარეობაში,  კოქტეილით ხელში მუშაობასთან ასოცირდება. თუმცა, ხშირ შემთხვევაში, დისტანციური მუშაობა სულაც არ არის მარტივი, ვინაიდან ის დისციპლინას და გარკვეულ სამუშაო ეთიკას მოითხოვს.

გთავაზობთ რამდენიმე რჩევას იმისთვის, რომ დისტანციური მუშაობა თქვენთვის უფრო მარტივი და სასიამოვნო გახდეს:

შეიქმენით კომფორტული სამუშაო სივრცე – იმისთვის, რომ მუშაობის დროს პროდუქტიული იყოთ, აუცილებელია მოიწყოთ კომფორტული და, შეძლებისდაგვარად, იზოლირებული სივრცე, სადაც ოჯახის სხვა წევრების ხმაური არ შეგაწუხებთ. შეეცადეთ, ყოველთვის ამ ადგილიდან იმუშაოთ. ზოგადად, როდესაც რომელიმე ოთახს/სივრცეს მუდმივად ერთი და იმავე დანიშნულებით იყენებთ, იმ სივრცეში სპეციალური აურა წარმოიქმნება, რომელიც კონკრეტული საქმიანობისთვის შესაფერისი განწყობის შექმნაში დაგეხმარებათ.

შეიმუშავეთ სამუშაო განრიგი – ეცადეთ, მუშაობა ყოველთვის დაახლოებით ერთსა და იმავე დროს დაიწყოთ და დაასრულოთ. რა თქმა უნდა, შეგიძლიათ ხანდახან ამ წესიდან გადაუხვიოთ. მაგალითად, იმუშაოთ „არასამუშაო“ დროს, თუ თავს განსაკუთრებით პროდუქტიულად გრძნობთ, ან, პირიქით, დაისვენოთ თქვენ მიერ დაწესებულ „სამუშაო საათებში“, თუ უენერგიოდ ხართ. თუმცა, ზოგადი სამუშაო განრიგის შემუშავების გარეშე, დიდი შანსია აღმოაჩინოთ, რომ ძალიან ბევრ დროს უმიზნოდ ფლანგავთ ან პირიქით, ფაქტობრივად 24/7-ზე მუშაობთ.

ისწავლეთ სამუშაოს დასრულება – სახლიდან მუშაობის დროს, სამუშაოს დროულად დაწყებაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია, გამოიმუშაოთ სამუშაოს დასრულების ჩვევა. ოფისში მუშაობის დროს, როდესაც საღამოს 6-7 საათი სრულდება, უკვე ხვდებით, რომ სამუშაო დღის დასრულების და სახლში წასვლის დრო ახლოვდება. სახლიდან მუშაობის შემთხვევაში, მით უმეტეს, თუ ძალიან ბევრი საქმე გაქვთ, შეიძლება ამას ვერ მიხვდეთ. შედეგად მიიღებთ იმას, რომ სისტემატურად გვიანობამდე მუშაობისგან უბრალოდ გადაიწვებით.

პერიოდულად შეისვენეთ ხოლმე – შეგინიშნავთ, რომ ძალიან ხანგრძლივი სამუშაო სესიის ან თუნდაც მეცადინეობის დროს, რაღაც მომენტში თითქოს თქვენი გონება უბრალოდ აღარ მუშაობს და ერთისა და იმავე გვერდის 10-ჯერ წაკითხვა გიწევთ იმისთვის, რომ წაკითხული კარგად გაიაზროთ? ამ ფაქტს ხშირად „კოგნიტურ მოწყენილობასაც“ უწოდებენ. იმისთვის, რომ გონება ძალიან არ გადაღალოთ ან გარკვეულ საკითხზე ფიქრი ზედმეტად არ მოიბეზროთ, ეცადეთ, ყოველ 1 ან 2 საათში ერთხელ, მინიმუმ 10-15 წუთიანი შესვენება აიღოთ ხოლმე. შესვენების ხანგრძლივობა და ინტერვალი თქვენი ინდივიდუალური საჭიროებიდან გამომდინარე დააწესეთ.

შესვენების დროს მოწყდით ეკრანებს – ეცადეთ, შესვენების დროს ისევ კომპიუტერთან არ დარჩეთ, მაგალითად, სოც. მედიის სიახლეებს არ გაეცნოთ. ასე ვერ დაისვენებთ. ისევ მონიტორთან დარჩენა ან ტელეფონში ყურება და ახალი ინფორმაციის მიღება ენერგიას წაგართმევთ და დასვენების ნაცვლად, კიდევ უფრო მეტად დაგღლით. აჯობებს მოწყდეთ ეკრანის გამოსხივებას და ცოტათი გაისეირნოთ. შეგიძლიათ იოგას მარტივი ვარჯიშებიც გააკეთოთ. მაგალითად, თუ მონიტორთან ჯდომა ხანგრძლივი დროით გიწევთ, კარგი იქნება ხერხემლისა და წელის ტკივილის საწინააღმდეგო მოკლე ვარჯიშები შეასრულოთ.

თუ თქვენთვის მოსახერხებელია, დაიწყეთ მუშაობა ადრე – პირადად ჩემთვის, მუშაობის დილით ადრე დაწყება ძალიან კომფორტულია, რადგან, ზოგადად, ძალდატანების გარეშე, საკმაოდ ადრე ვიღვიძებ ხოლმე. თუ ეს თქვენთვისაც მოსახერხებელია, ეცადეთ, რაც შეიძლება ადრე დაიწყოთ მუშაობა. მუშაობის ადრე დაწყების ერთ-ერთი უდიდესი სარგებელი ის არის, რომ გარშემო ყველას ჯერ კიდევ სძინავს. ირგვლივ საოცარი სიმშვიდეა, ყველაფერი ხელს გიწყობთ იმაში, რომ მხოლოდ სამუშაოზე მოახდინოთ კონცენტრირება. გარდა ამისა, ადრე დაწყება და კონცენტრირებული მუშაობა ავტომატურად პროცესის ადრე დასრულებას ნიშნავს. შესაძლოა, დღის 4 საათზე სამუშაო დღე უკვე დაასრულოთ და დარჩენილი დრო დასვენებასა და თქვენთვის საინტერესო აქტივობებს მიუძღვნათ.

ჩაატარეთ ექსპერიმენტები და ეცადეთ, იპოვოთ რუტინა, რომელიც თქვენთვის ყველაზე მოსახერხებელი იქნება და თქვენი პოტენციალის მაქსიმალური რეალიზების საშუალებას მოგცემთ.

გამოქვეყნების თარიღი: 10 სექტემბერი, 2021წ

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები